კორონავირუსი

ჯონსონი: საზღვარგარეთ ზომების შემსუბუქების შემდეგ Covid-19-ის მზრდადი შემთხვევები გაფრთხილებაა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, განაცხადა, რომ სხვა ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქეს და შემდეგ დაინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა, ბრიტანეთისთვის გაფრთხილებაა, რომ ძალიან სწრაფად არ იმოქმედოს.

"ჩვენ ინტენსიურად ვადევნებთ თვალს, თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ ზოგ სხვა ქვეყანაში, სადაც შეზღუდვები შეამსუბუქეს, რეპროდუქციის რიცხვის ხელახლა აღმასვლის ნიშნებია. ეს ჩვენთვის ძალიან ნათელი გაფრთხილებაა, რომ ძალიან სწრაფად და დაუფიქრებლად არ ვიმოქმედოთ," - განაცხადა მან.

გაერთიანებულ სამეფოში ახალი კორონავირუსი ამ დროისთვის 229 ათასზე მეტი ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 33 000-ზე მეტი დაიღუპა.

გერმანიაში, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევები იზრდება. რობერტ კოხის ინსტიტუტის ცნობით, იმ პირთა რიცხვი, რომელიც იმ ადამიანისგან ინფიცირდება, ვისაც კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა, 1-ზე მეტია.

სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევები კვლავ გაიზარდა. 10 მაისს ვირუსი 34 ადამიანს დაუდასტურდა, რაც მიმდინარე თვეს ყველაზე დიდი ზრდაა. ახალი კლასტერი შეზღუდვების შემსუბუქებიდან რამდენიმე დღეში დედაქალაქ სეულში გაჩნდა. ამის გამო ქალაქში კვლავ დაკეტეს ბარები და კლუბები.

კომენტარები