საარჩევნო შეთანხმება

ბოკერია: საქართველოს ყველა მეგობრის პოზიციაა, რომ ივანიშვილმა პირობა უნდა შეასრულოს

ტაბულა

გოგა ბოკერია ამბობს, რომ აშშ-ის, საქართველოს ყველა მეგობრის, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია არის ერთი და იგივე: ივანიშვილმა პირობა შეასრულოს, რასაც შემდეგ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს:

"არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიშმა გუშინ საკუთარი და საელჩოს განცხადება გაავრცელა ერთად და ეს ბუნებრივია.

აშშ-ის, საქართველოს ყველა მეგობრის, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია არის ერთი და იგივე, ივანიშვილმა უნდა შეასრულოს პირობა, რომელიც დადო საქართველოს მეგობრების და ქართული საზოგადოების წინაშე - გამოუშვას პოლიტპატიმრები. თუნდაც, ნუ დაარქმევს პოლიტპატიმრებს, თქვას, მე არ გამომიშვიაო, მაგრამ გამოუშვას. შეცვალოს საარჩევნო სისტემა, მერე უნდა ჩავატაროთ მაქსიმალურად ნორმალური არჩევნები, მერე ივანიშვილი უნდა შეეგუოს ქართული საზოგადოების ვერდიქტს და მერე უნდა გვყავდეს მთავრობა, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ იმ უზარმაზარი გამოწვევების ფონზე, რომელიც გვაქვს ეკონომიკის კუთხით, პანდემიის ფონზე, და არა ჩიხისკენ, საითაც ივანიშვილმა წაიყვანა ეს ქვეყანა ამ 8 წლის განმავლობაში".

ბოკერია ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ივანიშვილი პირობას არ შეასრულებს და საბოლოოდ, არც საარჩევნო სისტემა შეიცვლება, ქართული ოცნება არჩევნებში მაინც დამარცხდება, თუმცა, ეს საქართველოს, მისი დემოკრატიის დამაზიანებელი, ცუდი სცენარია.

"მას ჰგონია, რომ ეს ისეთი სისუსტის გამოვლინება იქნება, რომელიც არ უნდა დაუშვას, სურს დაამკვიდროს წესი, რომ ანგარიშვალდებული არ არის ქართული საზოგადოების წინაშე და ჰგონია, შეუძლია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები გადააგდოს საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ივანიშვილი ამაშიც ცდება. ეს არის ცუდი სცენარი, როცა ქართული დემოკრატიაც ზიანდება, საქართველოს რეპუტაციაც ზიანდება და ჩვენ ეკონომიკური დახმარებისთვის გვჭირდება, რომ საქართველოს რეპუტაცია დამატებით აღარ დაზიანდეს. ეს არის ძალიან სარისკო სცენარი და მას ვერ გადაარჩენს, ვერ შეუნარჩუნებს ძალაუფლებას, მისთვის ძალიან სახიფათო და ტრაგიკულ პოლიტიკურ ბედს უქადის მომავალში", - ამბობს ბოკერია.

ქართული ოცნება უგულებელყოფს დასავლელი პარტნიორების მოწოდებას, შეასრულოს 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან ხელმოწერილი შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.

8 მარტს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ორნაწილიანია და გულისხმობს, ერთის მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე პროპორციით განაწილებას, ასევე, პოლიტიკური პატიმრების განაწილებას.

ამას აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომლებიც შეთანხმების მიღწევის მედიატორები იყვნენ.

12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემის მიღების ჩათვლით".

რიშმა ეს Twitter-ზე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გვერდზე დაწერა და აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის ერთობლივი განცხადება გააზიარა.

სენატორი რიში პოლიტიკური პატიმრების მყისიერად გათავისუფლების აუცილებლობაზე 10 მარტსაც საუბრობდა.

ამასთან, 11 მაისს, აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მიუთითეს, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება.
 
"ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს",- წერია განცხადებაში.
 
11 მაისს განცხადება გააკეთა ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმაც და თქვა, რომ "გადამწყვეტი მნიშვნელობისაა შეთანხმების იმპლემენტაცია, რომ დასრულდეს ეს ამბავი და წინ წავიწიოთ".
 
დასავლელი პარტნიორები მსგავს განხხადებებს მას შემდეგ ავრცელებენ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, ოპოზიცია კი, სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს.
 
განცხადება, რომ 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი დოკუმენტი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხს არ მოიაზრებს, ასევე გააკეთეს ირაკლი კობახიძემ, კახა კალაძემ და გიორგი გახარიამ.

შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიცია აცხადებს, რომ ის ორეტაპიანია და გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილების უზრუნველყოფას, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება.

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, მედიასთან დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც. მისი თქმით, შეხვედრებზე განიხილეს კონკრეტული გვარებიც და გათავისუფლების მექანიზმებიც. პოლიტპატიმრების შესახებ მემორანდუმს პატრიოტთა ალიანსმა ხელი სწორედ ამის გამო არ მოაწერა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ხელისუფლებას უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის საქმეებზე მითითებით, შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ. რას ამბობდნენ ისინი ამ კვირების განმავლობაში, წაიკითხეთ აქ.

შეთანხმება, რამდენიმეთვიანი დაძაბული პროცესის, საპროტესტო აქციების და პოლიტიკური დევნის ფონზე, პარტნიორი ქვეყნების მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. ამით მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც, პარტიის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, 20 ივნისის ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლის და გამწვავებული პროტესტის შემდეგ გასცა.

კომენტარები