კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: გვყავს 1 კრიტიკული პაციენტი, 3 პაციენტს აქვს მძიმე პნევმონია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 41 ადამიანი მკურნალობს. მათგან 2 ახალი პაციენტია, ისინი თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნებიან.

ეზუგბაიას ინფორმაციით, გუშინ, 10 მაისს, 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფო ჯამში 87-მა პაციენტმა დატოვა. 

რაც შეეხება მძიმე პაციენტებს, ეზუგბაიას ინფორმაციით, 1 კრიტიკულ პაციენტთან მეორე დღეა მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა ჯერ პროგნოზზე საუბარი ნაადრევია. 

"1 კრიტიკული პაციენტთან მეორე დღეა მდგომარეობის სტაბილიზირება მიღებულია, მაგრამ პროგნოზზე ლაპარაკი ჯერ არ შეიძლება, რადგან თუ ეს სტაბილიზირება ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე, მერე შეგვიძლია ვილაპარაკოთ შემდგომ გამოსავალზე.

1 მძიმე პნევმონიას დაემატა კიდევ 2 ახალი პნევმონია. ჯეჯერობით მათთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა, ამ 24 საათის განმავლობაში", - ამბობს ეზუგბაია. 

11 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 638 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 317 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 - გარდაიცვალა. საკარანტინო რეჟიმში 4 896 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 444.

კომენტარები