ახალი კორონავირუსი რუსეთში

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 817 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 817 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსული ინფექციით, ოფიციალური მონაცემებით, 198 676 ადამიანი დაინფიცირდა.

ამ ეტაპზე, აშშ-ის შემდეგ, რუსეთში COVID 19-ით ინფიცირების ყველაზე სწრაფად მზარდი მაჩვენებელია. კორონავირუსით ინფიცირებულების მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.

რუსეთის ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ 24 საათში, ვირუსით 104 ადამიანი გარდაიცვალა, სულ კი გარდაცვლილთა რიცხვი 1 827-მდე გაიზარდა.

თითქმის ერთი კვირაა, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად 10 000-ზე მეტით იზრდება.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის, თქმით, მოსკოვში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რეალური რიცხვი 300 000-მდეა.

6 მაისს ახალი კორონავირუსი რუსეთის კულტურის მინისტრს, ოლღა ლიუბიმოვას, დაუდასტურდა. ინფიცირებულია რუსეთის პრემიერმინისტრი, მიხაილ მიშუსტინიც. ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთის მშენებლობის მინისტრს, ვლადიმერ იაკუშევსაც.

კომენტარები