კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ბოლო 10 დღეა, ყველა პაციენტი არსებული წყაროს კონტაქტია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 41 ადამიანი მკურნალობს. მათგან ერთი კრიტიკული პაციენტია, ერთი კი - მძიმე. მისი თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. 

"ამ ეტაპზე გვყავს 42 პაციენტი, ერთი არის შესაძლო შემთხვევა, 41 - დადასტურებული. ჩვენთან კვლავ არ შემოსულა ახალი დადასტურებული შემთხვევა. გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, მისი მდგომარეობა უცვლელია და ერთი მძიმე პაციენტი. ორივე პაციენტთან სიმძიმის განმსაზღვრელი არის თანარსებულად მიმდინარე დაავადებები", - ამბობს ეზუგბაია. 

მისივე თქმით, ამ დროისთვის ყველა პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია. 

"გამოჯანმრთელებული 9 პაციენტიდან ჩვენთან არის 3. ჩვენი ცენტრის გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა უკვე 85-ს მიუახლოვდა. წყარო ყველა ცნობილია. ბოლო 10 დღეა, ყველა პაციენტი არის არსებული წყაროს კონტაქტები ან საკარანტინო სივრცეში მყოფი პაციენტები. ეს საკარანტინე სივრცე ძირითადად არის ამ არსებული წყაროების კონტაქტები. ჯერჯერობით ახალი წყარო არ არის. ვიმედოვნებთ, რომ ახალი წყარო არ გაგვიჩნდება", - ამბობს მარინა ეზუგბაია.

საქართველოში კორონავირუსის 626 შემთხვევა არის დადასტურებული, აქედან 297 გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები