კორონავირუსი

ავსტრალიაში შეზღუდვების უმეტესი ნაწილის მოხსნას ივლისის ბოლომდე გეგმავენ

Dreamdax

ავსტრალიის პრემირმინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციის ზომებს სამ ეტაპად შეამცირებენ.

კანბერა გეგმავს, რომ უმეტესი შეზღუდვა ივლისის ბოლომდე მოიხსნას და დაახლოებიით 1 მილიონი ადამიანი კვლავ სამუშაო ადგილს დაუბრუნდეს. 

ავსტრალიაში ახალი კორონავირუსის გამო მკაცრი სოციალური დისტანციის ზომები მარტიდან დაწესდა. ამჟამად ქვეყანაში ყოველდღიურად ვირუსის ახალი შემთხვევები, საშუალოდ, 20-ით იმატებს. 

მორისონის განცხადებით, ავსტრალიის თითოეულ შტატზე და ტერიტორიაზე იქნება დამოკიდებული თუ როდის დაიწყონ ეკონომიკის გახსნის ეტაპები. თითოეული ეტაპზე გადასასვლელად, სავარაუდოდ, ოთხ-კვირიანი შუალედი იქნება.

რამდენიმე შტატში, მათ შორის, კუინზლენდსა და სამხრეთ ავსტრალიაში განაცხადეს, რომ 11 მაისიდან შეზღუდვების შემსუბუქებას დაიწყებენ.

ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპით რესტორნები და კაფეები მხოლოდ საკვების სახლში მიტანის მომსახურებით გაიხსნება. 

იმ შემთვევაში, თუ ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად არ გაიზრდება, შტატები და ტერიტორიები ეკონომიკის გახსნის მეორე ეტაპზე გადავლენ და კინოთეატრებს, გალერეებს, სპორტულ დარბაზებს მუშაობის გაგრძელების უფლება ექნებათ. აღსანიშნავია, რომ ამ დაწესებულებებში ერთდროულად მაქსიმუმ 20 მომხმარებლის მომსახურეობა შეეძლებათ.

მეორე ეტაპზე შტატებს შორის მოგზაურობის გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება. 

მესამე ეტაპზე კი მაქსიმუმ 100 ადამიანის შეკრებას დაუშვებენ, დასაქმებულებს ოფისებში დაბრუნება შეეძლებათ და ღამის კლუბები მუშაობას გააგრძელებენ.

ამ ეტაპზე ყველა შიდა მგზავრობა და ზოგიერთი საერთაშორისო ფრენებიც აღდგება, მათ შორის, ახალ ზელანდიასთან.

ასევე, საერთაშორისო სტუდენტებს ავსტრალიაში დაბრუნება შეეძლებათ, თუმცა, მათ ორ-კვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

მართალია, ავსტრალიაში კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო საავადმყოფოები ერთდროულად ბევრი პაციენტით არ გადაიტვირთა, თუმცა ეკონომიკას ზიანი მიადგა. 

ავსტრალიის სახაზინოს მინისტრის, ჯოში ფრიდენბერგის, განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები ავსტრალიას კვირაში 2.6 აშშ მილიარდი დოლარი უჯდება.

ქვეყანაში ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკა 10%-ით შემცირდება.

ავსტრალიაში ახალი ვირუსის 6 914 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან უმეტესობა გამოჯანმრთელდა, 738 პაციენტი კვლავ მკურნალობას აგრძელებს. ვირუსით 97 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები