საქართველო-უკრაინა

კახიანი: უკრაინაში საქართველოს ელჩი გარკვეული კონსულტაციებისთვის გამოვიძახეთ

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის თქმით, უკრაინაში საქართველოს ელჩი "გარკვეული კონსულტაციებისთვის" გამოიძახეს. მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში "საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე" არ დაუნიშნავთ, რაც "სკეპტიკურ დამოკიდებულებას" და საქართველოს პოზიციის "მნიშვნელოვანწილად გათვალისწინებას" ნიშნავს.

თუმცა, გიორგი კახიანის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის "ერთ-ერთ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე" დანიშვნაც მიუღებელია, რადგან ის მსჯავრდებულია.

"რაც შეეხება ელჩის გამოძახებას, უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ეს უარყოფითად ვერანაირად ვერ აისახება ჩვენს ურთიერთობაზე. ელჩის გამოძახება მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დანიშვნიდან გამომდინარე, გარკვეული კონსულტაციები მოხდეს მასთან, რათა ეს ფაქტი ნეგატიურად არ აისახოს ქვეყნებს შორის მომდევნო ურთიერთობებზე“ , - განაცხადა გიორგი კახიანმა.

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში სააკაშვილის ჯერ ვიცე პრემიერად, შემდეგ კი მრჩევლად დანიშვნის შესახებ საუბარი დაიწყო, ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ ამან შესაძლოა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვა განაპირობოს.

სააკაშვილის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ ქართული მხარის მიერ უკრაინაში საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახებას შეცდომად მიიჩნევს.

კომენტარები