სააკაშვილი უკრაინაში

ზელენსკი ელჩის გამოძახებაზე: ჩემი აზრით, ეს ქართული მხარის შეცდომაა

ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press service

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ ქართული მხარის მიერ უკრაინაში საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახებას შეცდომად მიიჩნევს. ინფორმაციას ამის შესახებ Unian-ი ავრცელებს.  

"ჩემი აზრით, ეს არის ქართული მხარის შეცდომა [...] ჩვენი გადაწყვეტილებაა [სააკაშვილის დანიშვნა] - ჩვენი შიდა პოლიტიკა", - თქვა ზელენსკიმ. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას საქართველოსთან და ქართველ ხალხთან "შესანიშნავი" ურთიერთობა აქვს და, "ყველაფრის მიუხედავად", საქართველოში უკრაინის ელჩის კონსულტაციისთვის გაწვევა არ იგეგმება, რადგან "ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელობა."

"ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მას უკრაინული პასორტი აქვს და მე უკრაინის პრეზიდენტი ვარ, ის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ მე დავნიშნე", - ამბობს ზელენსკი.  

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში სააკაშვილის ჯერ ვიცე პრემიერად, შემდეგ კი მრჩევლად დანიშვნის შესახებ საუბარი დაიწყო, ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ ამან შესაძლოა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვა განაპირობოს.

სააკაშვილის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

კომენტარები