საარჩევნო შეთანხმება

კაპანაძე თალაკვაძის საპასუხო წერილზე: ესაა თეთრზე შავის მტკიცების მცდელობა

ტაბულა

"თალაკვაძის პასუხი ბატონ კუბილიუსს, ესაა თეთრზე შავის მტკიცების მცდელობა" - ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე პარლამენტის თავმჯდომარის წერილს ეხმაურება, რომელიც მან, თავის მხრივ, ევროპარლამენტარ ანდრეას კუბილიუსს გაუგზავნა პასუხად.

"წერილში თალაკვაძე ამბობს, რომ არანაირი შეთანხმება არ ყოფილა, მაშინ, როცა ამ შეთანხმების შედგენაში საერთაშორისო თანამეგობრობა მონაწილეობდა და ამაზეა მათი იმედები, რომ მოხდება პოლიტიკური პროცესის დასტაბილურება და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება," - ამბობს კაპანაძე.

მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის მსგავსი "შავზე თეთრის" მტკიცების პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში კრახით სრულდება, - "სადამდე მიიყვანს ეს და რა საერთაშორისო პასუხები და გამოწვევები იქნება, ამას ყველანი ერთად ვნახავთ".

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტარ ანდრეას კუბილიუსს საპასუხო წერილი გუშინ, 7 მაისს, გაუგზავნა.

წერილში, რომელსაც თალაკვაძემ უპასუხა, ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, შეასრულონ 8 მარტის საარჩევნო შეთანხმება.

წერილში კუბილიუსმა ხაზგასმით აღნიშნა გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც "შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპასუხო წერილში ამბობს, რომ "არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის და არ შეიძლება იყოს 2020 წლის 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი".

ის შეშფოთებას გამოთქვამს კუბილიუსის წერილის იმ ნაწილის გამო, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს ეხება. თალაკვაძის თქმით, ეს ესმის, "როგორც მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში", ეს კი, მისი თქმით, კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება.

  • თუ რას წერს საპასუხოდ ევროპარლამენტარს არჩილ თალაკვაძე, ნახეთ სრულად აქ.


ოპოზიციური პარტიების მთელმა სპექტრმა და ქართულმა ოცნებამ შეთანხმებას ხელი 8 მარტს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოაწერეს.

შეთანხმება გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას, ასევე პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების, მათ შორის, გიგი უგულავასგიორგი რურუასირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას.

ხელისუფლება შეთანხმების ამ ნაწილს საჯაროდ არ აღიარებს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუ პოლიპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება.

იმას, რომ 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი სწორედ პოლიტპატიმრებს ეხებოდა, ადასტურებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაც, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის, 5-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხებოდა. 

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება", - წერდა საელჩო 14 აპრილს. 

კომენტარები