საარჩევნო შეთანხმება

"პარტიები ვერ მართავენ სასამართლოებს" - თალაკვაძე კუბილიუსის კრიტიკულ წერილს პასუხობს

არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტარ ანდრეას კუბილიუსს საპასუხო წერილი მისწერა.

პარლამენტის თავმჯდომარემ წერილი გუშინ, 7 მაისს, გაგზავნა.

წერილით, რომელსაც თალაკვაძემ უპასუხა, ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, შეასრულონ 8 მარტის საარჩევნო შეთანხმება. კუბილიუსმა ხაზი გაუსვა გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც "შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპასუხო წერილში ამბობს, რომ "არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის და არ შეიძლება იყოს 2020 წლის 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი".

ის შეშფოთებას გამოთქვამს კუბილიუსის წერილის იმ ნაწილის გამო, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს ეხება. თალაკვაძის თქმით, ეს ესმის, "როგორც მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში", ეს კი, მისი თქმით, კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება.

თალაკვაძე წერს:

"უპირველეს ყოვლისა, გაცნობებთ, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება COVID-19 ვირუსით გამოწვეულ პანდემიას. მთავრობა, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები და წინა ხაზზე მყოფი სხვა პროფესიონალები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაერთიანებული არიან და მუხლჩაუხრელად შრომობენ საქართველოს მოსახლეობის დასაცავად. ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას პანდემიით დაზარალებული ერების მიმართ.

მადლობელი ვართ თქვენი განსაკუთრებული ინტერესისთვის საქართველოში მიმდინარე იმ პოლიტიკური მოვლენების მიმართ, რომლებიც აღნიშნულია თქვენს 2020 წლის 6 მაისის წერილში.

8 მარტის პოლიტიკური შეთანხმება მართლაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი და დინამიური პოლიტიკური გარემოს საფუძვლების კიდევ უფრო გამყარებისთვის, განსაკუთრებით მიმდინარე წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ შეთანხმებას ქართულმა ოცნებამ გულწრფელად მოაწერა ხელი იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნებისთვის. ხელმოწერიდან მალევე, ჩვენ დავაინიცირეთ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ასახავდა ოპოზიციასთან შეთანხმებულ საარჩევნო მოდელს. ამას გარდა, დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების საფუძველზე, ჩვენ მოვამზადეთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტიც. საქართველოს პარლამენტი მას განიხილავს და მიიღებს მიმდინარე სესიის განმავლობაში. სწორედ ეს ნაბიჯები გამოხატავს ჩვენს მტკიცე ნებას, რომ პოლიტიკური შეთანხმება განხორციელდეს მისი ტექსტის შესაბამისად.

შეშფოთებული ვარ თქვენი წერილის იმ ნაწილით, რომელიც ეხება ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებს. ჩვენი მხრივ, ეს გაგებულია, როგორც თქვენი მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. ეს კი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპებს. პოლიტიკური პარტიები ვერ უბრძანებენ და ვერ მართავენ საქართველოს სასამართლოებს. ვითარების ამგვარი ხედვა მოულოდნელია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის მხრიდან. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუტების მიერ.

არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის და არ შეიძლება იყოს 2020 წლის 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი (გთხოვთ, დანართის სახით იხილოთ ურთიერთგაგების მემორანდუმი და ერთობლივი განცხადება). როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ჩვენ ვრჩებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და დახვეწის, აგრეთვე, მომავალში ჩვენი მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდების ერთგულნი.

მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატო მზადყოფნა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისა და ევროპაში დემოკრატიისა და საპარლამენტო განზომილების გასაძლიერებლად ერთობლივი ძალისხმევისთვის. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ჩართულობასა და მხარდაჭერას.

ბატონო თანათავმჯდომარევ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას", - წერს თალაკვაძე.

ოპოზიციური პარტიების მთელმა სპექტრმა და ქართულმა ოცნებამ საარჩევნო შეთანხმებას ხელი 8 მარტს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოაწერეს. შეთანხმება გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას, ასევე პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების, მათ შორის, გიგი უგულავას, გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას. ხელისუფლება შეთანხმების ამ ნაწილს საჯაროდ არ აღიარებს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუ პოლიპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება. 

იმას, რომ 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი სწორედ პოლიტპატიმრებს ეხებოდა, ადასტურებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაც, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის, 5-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხებოდა. 

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება", - წერდა საელჩო 14 აპრილს. 

კომენტარები