საარჩევნო შეთანხმება

კუჭავა: კუბილიუსის წერილი არ მიკვირს, თავისი პარტნიორების დაცვას ბოლომდე ცდილობს

პარლამენტი

ქართული ოცნების წევრი, კახა კუჭავა ამბობს, რომ კუბილიუსის წერილი "არ უკვირს", ვინაიდან ის "თავისი პოლიტიკური პარტნიორის ბოლომდე დაცვას ცდილობს".

საქმე ანდრიუს კუბილიუსის 7 მაისის წერილს ეხება, რომლითაც ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, 8 მარტის საარჩევნო შეთანხმება შეასრულონ. წერილში კუბილიუსმა ხაზი გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს გაუსვა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც "შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია".

თუმცა, კახა კუჭავას შეფასებით, კუბილიუსი ხელისუფლებას სასამართლოს საქმეებში ჩარევისკენ მოუწოდებს, რაც არასწორია.

"ფაქტი ერთია, რაზეც წერილში არის მთავარი მითითება, სწორედ ეს არის მთავარი აზრი, რაზეც შეთანხმება იქნა მიღწეული ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, რომ პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები არ უნდა ერეოდნენ მართლმსაჯულებაში, ამის მიუხედავად, ეს წერილი პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ ჩვენ ჩავერიოთ სასამართლოს საქმიანობაში და გავათავისუფლოთ. ეს ჩვენი არც უფლებაა და არც მოვალეობა არ არის", - თქვა კუჭავამ და კუბილიუსს თებერვალში სტრასბურგში გამართული შეხვედრაც "გაახსენა", როცა ქართული ოცნების ხელისუფლებამ მათ საქართველოში ჩამოსვლა და გიგი უგულავას საქმის შესასწავლად სამუშაო კომისიის შექმნა შესთავაზა.

"მიუხედავად იმისა, რომ მიესალმნენ ამ გადაწყვეტილებას, ასეთი ვიზიტი არ განხორციელებულა. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვურჩევდი მათ, თუ დამატებით კითხვის ნიშნებს სვამენ ამა თუ იმ საქმეზე, თვითონ ჩამოვიდნენ, გაეცნონ, გააკეთონ კონკრეტული დასკვნები და ამის შემდეგ დავსხდეთ და ვისაუბროთ ამა თუ იმ კონკრეტულ საქმეზე",- თქვა მან.

ოპოზიციური პარტიების მთელმა სპექტრმა და ქართულმა ოცნებამ საარჩევნო შეთანხმებას ხელი 8 მარტს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოაწერეს. შეთანხმება გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას, ასევე პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების, მათ შორის, გიგი უგულავას, გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას. ხელისუფლება შეთანხმების ამ ნაწილს საჯაროდ არ აღიარებს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუ პოლიპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება.

კომენტარები