სამთავრობო პროპაგანდა

ბოკერია მდინარაძეზე: როცა ამბობენ, ჩვენ არაფერ შუაში ვართო, ეს ჩვეული უტიფრობაა

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია ეხმაურება Facebook-ის მიერ ქართული ოცნების PR კონსულტანტთან, კოკა ყანდიაშვილთან, დაკავშირებული ასობით გვერდის გაუქმებას. 

ბოკერიას შეფასებით, ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მდინარაძის, ბრიფინგი, სადაც ის ამბობს, რომ ქართული ოცნება ამ ქსელთან არაფერ შუაშია, "ჩვეული უტიფრობაა" მმართველი გუნდის მხრიდან. 

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილის გუნდი ჩვენი მასშტაბისთვის უზარმაზარ რესურსს ხარჯავს, რაც Facebook-ის პირველი კვლევითაც დადასტურდა, რომ ეს პირამიდა მიდის მმართველ გუნდამდე ან ისეთ პერსონამდე, როგორიცაა კოკა ყანდიაშვილი, რომელსაც მტკიცებულებაც არ სჭირდება, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენელია", - ამბობს ბოკერია. 

Facebook-მა ყანდიაშვილთან დაკავშირებული ანგარიშების გარდა, კიდევ ერთი ქართული ქსელიც გააუქმა, რომელიც მათივე განცხადებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთანაა დაკავშირებული. 

ბოკერია ამბობს, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ანგარიშებისა და ოპოზიციურ პარტიასთან დაკავშირებული ანგარიშების თანაზომად დახატვა შეცდომაა. 

"არა იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა იმსახურებს რამე დაცვას, ეს პრობლემაა და მათ ამას პასუხი უნდა გასცენ. ევროპულ საქართველოს მსგავსი პრაქტიკა არ გააჩნია და არ მიაჩნია სწორად, მაგრამ თანაზომადად ამ პრობლემების წარმოჩენა არის ისევ პროპუტინური პროპაგანდის ტოლფასი რამ. 

ერთია, როცა მთავრობა, ვინც აკონტროლებს ყველა რესურსს, აქვს უზარმაზარი უპირატესობა, თესავს სიძულვილს და ანტიდასავლურ პროპაგანდას და მეორეა, როდესაც ოპოზიციური პარტია არაჯანსაღ თამაშის წესებს იყენებს", - თქვა ბოკერიამ. 

5 მაისს Facebook-მა გაავრცელა განცხადება, სადაც ერთი მხრივ, ქართული ოცნების PR კონსულტანტ კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებული ანგარიშების გაუქმებაზე წერდა, ხოლო მეორე მხრივ - ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ ქსელზე

ქართული ოცნების დეპუტატმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა, მამუკა მდინარაძემ, ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზე ისაუბრა. მედიის მიერ ყანდიაშვილის შესახებ დამაზუსტებელი შეკითხვის დასმის შემდეგ კი, მდინარაძემ ყანდიაშვილთან ქართული ოცნების კავშირი უარყო და უბრალო მხარდამჭერად მოიხსენია.  

მდინარაძის ამ განცხადებას TV პირველის პირდაპირ ეთერში უსმენდა ქართული ოცნებიდან 2019 წელს წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც თქვა, რომ "შოკშია" და "სიტყვები არ ჰყოფნის იმის გამო, რაც მდინარაძემ თქვა. ჩუგოშვილის თქმით, კოკა ყანდიაშვილი მუშაობდა ქართულ ოცნებაში და მას პარტიის ოფისში ხშირად ხედავდა. 

Facebook-ის განცხადებაში ყანდიაშვილთან დაკავშირებულ ქსელთან დაკავშირებით წერია, რომ ეს ანგარიშები დაკავშირებულები იყვნენ კიდევ ერთ ქართულ ქსელთან, რომელიც Facebook-მა 2019 წლის დეკემბერში გააუქმა და სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ანგარიშები ქართული ოცნების ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებულები. 

კომენტარები