კორონავირუსი აშშ-ში

ტრამპის თქმით, მთავრობაში Covid-19-თან ბრძოლისთვის შექმნილი სპეციალური გუნდის როლი შემცირდება

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილმა გუნდმა, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მეთაურობს, შესანიშნავად იმუშავა, თუმცა ახლა მათი როლი შემცირდება, რადგან ქვეყანა გახსნაზე უნდა გადაერთოს და ამისათვის განსხვავებული ჯგუფი შეიქმნება:

"პენსმა და მისმა სპეციალურმა ჯგუფმა შესანიშნავად იმუშავეს, მაგრამ ახლა განსხვავებული კუთხით ვუყურებთ - უსაფრთხოებისა და გახსნის - და ამისათვის ახალი გუნდი შეიქმნება", - თქვა მან ჟურნალისტებთან არიზონაში ნიღბების საწარმოში ვიზიტისას.

ტრამპმა დააკონკრეტა, რომ სპეციალურ ჯგუფში მყოფი ჯანდაცვის ექსპერტები, დებორა ბრიქსი და ენტონი ფაუჩი, კორონავირუსთან ბრძოლაში კვლავი ქნებიან ჩართულები.

ტრამპმა იმ კრიტიკოსებსაც უპასუხა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ეკონომიკის გახსნა ნაადრევია და კორონავირუსის მეორე ტალღა და მეტი მსხვერპლი მოჰყვება:

"არ ვამბობ, რომ იდეალური სიტუაციაა. დიახ, ზოგიერთ ადამიანზე მოახდენს გავლენას. ზოგზე ცუდი გავლენა ექნება? დიახ. მაგრამ ჩვენი ქვეყანა უნდა გავხსნათ და უნდა გავხსნათ მალე", - თქვა მან.

თავად ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კი თქვა, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილი სპეციალური ჯგუფი, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში დაიშალოს. მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ სამხედრო სამსახურში დაღუპულთა ხსოვნის დღე (25 მაისი) და ივნისის დასაწყისია ის ფანჯარა, როცა სააგენტოები მუშაობის ტრადიციულ სტილზე გადავლენ და კორონავირუსთან ბრძოლას ამგვარად გააგრძელებენ.

ბოლო მონაცემებით აშშ-ში ახალი კორონავირუსი სულ 1,237,633 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 72,271, გამოჯანმრთელდა 200,628 ადამიანი.

კომენტარები