9 მაისი

კრემლისტური "უკვდავთა პოლკი" თბილისზე დრონებით "გეორგიევსკის დროშის" გადატარებას გეგმავს

ტაბულა

კრემლისტური, პროპუტინური "უკვდავთა პოლკის" ქართული ოფისი, პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ვაკის პარკში 9 მაისის აღნიშვნას გეგმავს. 

რუსთავი 2-ის ცნობით, კრემლისტური დაჯგუფება ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მისვლასაც აპირებს. ჯგუფის ერთერთი ლიდერის, თორნიკე ყიფიანის, თქმით, ისინი აპირებენ, რომ თბილისის თავზე დრონების დახმარებით "გეორგიევსკის დროშა" გადააფრინონ. 

"თბილისის თავზე გადაიფრენს რამდენიმე დრონი, რომლებიც თბილისს გადაატარებს დიდ გეორგიევსკის დროშას და ყველა მოიქეცით ძალიან ჭკვიანურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ისეთ ზომებს, როგორი ზომებიც მიგვიღია", - ამბობს ყიფიანი. 

ყიფიანი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამართალდამცველ უწყებებს ემუქრება.

"სამართალდამცავმა უწყებებმა დაკავებით შეაშინონ ის, ვინც შეუშინებიათ. არავინ ჯარიმა არ დაწეროს, თომრე ის ჯარიმის ქვითრები სად ამოყოფს თავს, მაგას მე, ირაკლი ყიფიანი გპირდებით, მეორე დღესვე აბსოლუტურად და ტყუილად კიდევ არავის არ ვემუქრებით. [...] თქვენ ეტყობა, აგერიეთ ვიღაც-ვიღაცებში და ყველაფერს დაგილაგებთ და ყველაფერს განახებთ. ღმერთი არ გაგიწყრეთ, რამე არ შეგეშალოთ - მოგმართავთ უმაღლესი თანამდებობის პირებს", - თქვა ყიფიანმა რუსთავი 2-თან საუბარში. 

თორნიკე ყიფიანი ადასტურებს, რომ მისი ორგანიზაცია ფონდის Русский мир (რუსული სამყარო) მიერ ფინანსდება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, 2007 წელს დააარსა და რომელიც რუსული პროპაგანდის ერთერთი მთავარი იარაღია, რომელიც კულტურისა და ენის სწავლების საფარქვეშ სხვადასხვა ქვეყანაში სადაზვერვო სამუშაოებს ახორციელებს.

ტაბულა ყიფიანის მუქარებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათ პასუხს მიღებისთანავე მოგაწოდებთ. 

2019 წლის 9 მაისს ვაკის პარკში ერთდროულად რამდენიმე აქცია გაიმართა, ერთერთის ორგანიზატორი სწორედ "უკვდავი პოლკის" ქართული ანალოგი "საქართველოს უკვდავი ჯარი" იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ წინასწარ გამოქვეყნებული გაფრთხილების მიუხედავად, მათ ვაკის პარკამდე მსვლელობის დროს და ვაკის პარკში აქციაზე საბჭოთა სიმბოლიკა მაინც გამოიყენეს. 

ვაკის პარკში კრემლისტების აქციას კონტრაქციით შეხვდნენ მოქალაქეები და ორგანიზაცია "რუსეთი ოკუპანტია". შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის კონტრაქციის მონაწილეებიც. 

კომენტარები