არჩვენები 2020

აბესაძე: მთავრობამ საგანგებო სწრაფად უნდა გააუქმოს, თან მოქალაქეთა ჯანმრთელობა არ დააზიანოს

ირაკლი აბესაძე
ტაბულა

"მნიშვნელოვანია, ძალიან სწრაფად გვქონდეს ცხადი და მკაფიო წარმოდგენა, როგორი იქნება არჩევნების დღე და როგორი იქნება ის პოლიტიკური პროცესი, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს დემოკრატიულ არჩევნებამდე. ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის", - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მოწოდებას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ, ეპიდემიოლოგების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით, მუშაობა უნდა დაიწყოს ყველა შესაძლო სცენარზე, რათა არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად შესაბამისი ზომები განისაზღვროს. 

"პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ქართულმა ოცნებამ შეასრულოს შეთანხმების პირობები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და მიიღოს ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უფრო სამართლიანს გახდის საარჩევნო სისტემას. თუმცა, ამ ყველაფერთან მიმართებაში ბუნდოვანებას და გაურკვევლობას ქმნის მათი არათანმიმდევრული და გაუგებარი მიდგომა იმ კრიზისის მართვასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია", - ამბობს აბესაძე. 

ევროპული საქართველო ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვები მოხსნას. ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებაზე სწრაფად უნდა იფიქროს, "ისე, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა არ დააზიანოს".

"ეს ყველაფერი კიდევ უფრო ცხადს გახდიდა თუ რა პოლიტიკური პროცესი შეიძლება წარიმართოს. არჩევნები, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს მიმდინარე წლის ოქტომბერში და იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც ქართულმა ოცნებამ აიღო", - ამბობს აბესაძე. 

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება არ გააგრძელებს, "არაგონივრული შეზღუდვების არსებობას", იმის "ობიექტურ წინაპირობა" არ არსებობს, რომ 8 მარტს დადებული შეთანხმების შესრულებას საფრთხე შეექმნება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, 21 მარტიდან ამოქმედდა. 22 აპრილს ის კიდევ ერთი თვით, 22 მაისამდე გახანგრძლივდა. მოქმედებს კომენდანტის საათი - 21 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლა აკრძალულია. დახურულია სავაჭრო და სხვა ტიპის ობიექტები, გარდა სუპერმარკეტებისა, აფთიაქებისაა, ბანკებისა და ბენზინგასამართი სადგურებისა.

ამასთან, აქტიურად არ მუშაობს პარლამენტი, შეჩერებულია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაც, რომლითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი უნდა შეიცვალოს, რათა 8 მარტს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი საარჩევნო შეთანხმება შესრულდეს.

კომენტარები