კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 1 კრიტიკული პაციენტი გვყავს, მძიმე პნევმონია აქვს, არის ჟანგბადდამოკიდებული

რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ ხერხდება. ეზუგბაიას თქმით, პაციენტს მძიმედ მიმდინარე პნევმონია აქვს და ჟანდბადზეა დამოკიდებული. 

"პარალელურად, მას აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე თანმდევი დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი და მძიმედ გამოვლენილი ჰიპერტონული დაავადება. არსებული მკურნალობის ფონზე, ჯერჯერობით მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ ხერხდება. ვნახოთ, დინამიკაში რა სიტუაცია იქნება"- ამბობს ეზუგბაია. 

მისივე თქმით, 7 პაციენტს აქვს მძიმე პნევმონია -"მათი მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო 2 დღის განმავლობაში დინამიკა გაუარესებული არ არის". ეზუგბაიას თქმითვე, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტი მკურნალობს. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 593 გახდა. აქედან 223 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 - გარდაიცვალა.

კომენტარები