ახალი კორონავირუსი საქართველოში

კაპანაძე: კრიზისთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხების საპარლამენტო კონტროლი აუცილებელია

პირველი არხი

ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საპარლამენტო ცხოვრება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს, რათა მოხდეს იმ თანხების საპარლამენტო კონტროლი, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად იხარჯება.

კაპანაძის თქმით, ხელისუფლება არ ითვალისწინებს პარტიის ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც გადასახადების შემცირებას, კონკრეტული ადამიანების დახმარებას, დაგროვებითი საპენსიო ფონდში შენატანებს შეჩერებას და ამ თანხის ადამიანებისთვის დაბრუნებას გულისხმობს, ხოლო ის, რასაც მთავრობა გეგმავს, რამდენიმე ასეული მილიონ ლარს საჭიროებს და ამის კონტროლი აუცილებელია.

"ზოგადად, საპარლამენტო კონტროლი საგანგებო მდგომარეობის დროს ისედაც აუცილებელია და დღეს ამისი მოწინააღმდეგეა ქართული ოცნება", - ამბობს დეპუტატი.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არსებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნას.

"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს უაზრო შეზღუდვები, რომლითაც გაჩერდა ეკონომიკა, რომელსაც ეფექტი და შედეგი არ აქვს - კომენდანტის საათი, მანქანებში ოჯახის წევრების ჩასხდომაზე გაკეთებული უაზრო შეზღუდვა, კონკრეტული სია, რომელსაც შეუძლია ეკონომიკური საქმიანობის წარმოება - ეს უნდა შეიცვალოს", - თქვა კაპანაძემ.

ეკონომიკის სწრაფ გახსნასა და გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმების შესახებ ევროპული საქართველოს შეთავაზება წაიკითხეთ აქ.

კომენტარები