დაპირისპირება ბოლნისში

დეპუტატი მუშევანზე: ოჯახი დავარწმუნეთ, covid 19-ით ინფიცირებული 10 პირი გადაყვანილია კლინიკაში

IPN

"ბოლნისის მუნიციპალიტეტ სოფელ მუშევანში მომხდარი ინციდენტი ამოწურულია. ათივე ინფიცირებული გადაყვანილია კლინიკაში" - ამის შესახებ ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა. 

დეპუტატის თქმით, ის თავად იმყოფებოდა ოჯახში, თვითმმართველობის და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად და მათ "შეძლეს ოჯახის დარწმუნება, რომ რაც კეთდება, მათი ჯანმრთელობის დასაცავად კეთდება". 

"გარკვეული სკეპტიკური მოსაზრება ოჯახის წევრებს ჰქონდათ. მათ სიმპტომები არ აღენიშნებათ და აქედან გამომდინარე, აპროტესტებდნენ კლინიკაში გადაყვანას, ითხოვდნენ, რომ ოჯახშივე, თვითიზოლაციაში ემკურნალათ. ამ ფაქტს და გარკვეულ საუბარს შეესწრო ნასვამი ახალგაზრდების ჯგუფი და მათი ქმედებები გადაიზარდა აგრესიაში სამედიცინო პერსონალის მიმართ",- ამბობს მეშველიანი. 

პირველ მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტ სოფელ მუშევანში ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულების კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მომხდართან დაკავშირებული ადამიანების გამოკითხვა. 

უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ მსუბუქად დაზიანდა ორი სატრანსპორტო საშუალება, ფიზიკურად კი არავინ დაზიანებულა. 

კომენტარები