დაპირისპირება ბოლნისში

შსს ბოლნისზე: ადგილობრივებმა ექიმებს covid 19-ით ინფიცირებულები კლინიკაში არ გადააყვანინეს

რადიო თავისუფლება

ბოლნისის მუნიციპალიტეტ სოფელ მუშევანში ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულების კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მდგომარეობა ამ დრომდე დაძაბულია და ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ისეთ ადამიანებთან, ვინც მოსახლეობას კიდევ ერთხელ აუხსნის ვირუსის საფრთხის შესახებ. მისივე თქმით, ჯერჯერობით კლინიკაში არავინ გადაუყვანიათ.

"დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც ექიმები მივიდნენ ერთ-ერთ ოჯახში, რათა მათი ტრანსპორტირება განეხორციელებინათ. იქ მივიდა ნასვამი ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებმაც ემოციები ვერ მოთოკეს, დაპირისპირება გადაიზარდა მათ შორის სიტყვიერ შეურაცხყოფაში და ძალის გამოყენებაში ძირითადად ავტომობილების მიმართ. როგორც ჩემთვის ცნობილია, დაზიანდა მერიის წარმომადგენელის ავტომობილი და სასწრაფო დახმარების მანქანა",- ამბობს დეპუტატი რუსთავი 2-თან საუბარში. 

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მომხდართან დაკავშირებული ადამიანების გამოკითხვა. 

უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ მსუბუქად დაზიანდა ორი სატრანსპორტო საშუალება, ფიზიკურად კი არავინ დაზიანებულა.. 

გავრცელებული ინფორმაციით, პირველადი ტესტებით, მუშევანში კორონავირუსი 10 ადამიანს დადასტურდა. ისინი ამ დრომდე სოფელში რჩებიან.

კომენტარები