შეზღუდვების მოხსნა

ბოკერია: მყისიერად უნდა მოიხსნას კომენდანტის საათი, რომელსაც არანაირი დასაბუთება არ აქვს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, მყისიერად უნდა მოიხსნას კომენდანტის საათი, რომელსაც არანაირი დასაბუთება არ აქვს. 

პარტია გამოდის ინიციატივით, დროულად მოისხნას შეზღუდვები და ამუშავდეს ეკონომიკა.

ევროპული საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას, 8 მაისიდან გახსნას ეკონომიკა და ყველა სახის ბიზნესი, რომ მოქალაქეებს ოჯახების შენახვის შესაძლებლობა მიეცეთ, მანამდე კი შეიმუშაოს გონივრული წესები და შეზღუდვები თითოეული კატეგორიის ბიზნესისთვის. ასეთი წესებია პირბადეების გამოყენება დახურულ სივრცეში და სოციალური დისტანცირების დაცვა.

ბოკერიას თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების მიერ შემოღებული შეზღუდვები, ხშირ შემთხვევაში, თავიდანვე აბსურდული იყო და შერჩევითად სრულდებოდა. 

"ყველანი ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ბევრ ქვეყანაში მთავრობებმა დაიწყეს სწრაფად გამოყვანა ეკონომიკის, მისი გახსნა და მოქალაქეებისთვის შანსის მიცემა, რომ საკუთარი ოჯახები შეინახონ და აღარ მიიღონ უმძიმესი დარტყმები", - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ რა ტემპით გამოვა ამ მძიმე მდგომარეობიდან - ქვეყნები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან და ის, ვინც ამ პროცესში დააგვიანებს, კიდევ უფრო დაზარალდება. 

"აქამდე შემოღებული შეზღუდვები იმდენად შერჩევითი და არათანმიმდევრული იყო, რომ აპრიორი დაკარგა ეფექტი და აზრი. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული გამოსვლის გეგმა არის ძალიან ნელი ტემპის და გაუაზრებელი, დამატებით დააზიანებს ჩვენს ქვეყანას", - ამბობს დეპუტატი.

ევროპული საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას:

1. 8 მაისს გახსნას ეკონომიკა, დაუბრუნოს მოქალაქეებსა და მეწარმეებს ყველა ტიპის ეკონომიკური საქმიანობის უფლება ხოლო იქამდე სხვადასხვა კატეგორიის ბიზნესის ფუნქციონირებისათვის აღდგენის პირობებისა და მუშაობის გონივრული წესები დაადგინოს. (მაგ. დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარების მოთხოვნა და სოციალური დისტანციის დაცვა), რომელთა დარღვევაც გამოიწვევს ადეკვატურ სანქციებს.

2. დაუყოვნებლივ გააუქმოს კომენდანტის საათი

3. აღადგინოს ქალაქებში და ქალაქთაშორისი მიმოსვლა, შეიმუშავოს მასობრივი ტესტირების წესი და დაიწყოს ტესტირება დაავადების გავრცელების ზონებში, ვირუსის გავრცელების შესაზღუდად.

4. მოხსნას კერძო ავტომობილებთან დაკავშირებული შეზღუდვები - გააუქმოს მცირეწლოვანის ბავშვების, ოჯახის წევრებთან ერთად მგზავრობის აკრძალვა

5. გააუქმოს მუნიციპალიტეტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის გამოტანაზე გაცემული ექსკლუზიური უფლებები და მისცეს ყველას ყიდვა/გაყიდვის უფლება

6. გახსნას საქართველოს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვარი. ასევე დაადგინოს ქვეყანაში შემოსულებისთვის ტესტირების ან კარანტინის წესი

7. განაგრძოს მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა და დროებით შეზღუდოს მასობრივი თავყრილობები ( 50 ადამიანი და მეტი).

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა და თითქმის სრული კარანტინია გამოცხადებული. აკრძალულია დიდ ქალაქებში შესვლ-გამოსვლა და ჩაკეტილია რამდენიმე მუნიციპალიტეტი.

21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი.

რამდენიმე დღის წინ მთავრობამ ორი აკრძალვა მოხსნა: დაუშვა მანქანებით გადაადგილება და ონლაინ ვაჭრობა. პრემიერის თქმით, შეზღუდვები ნელნელა, ორკვირიანი შუალედებით, მოიხსნება. 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული, 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაიცვალა.

კომენტარები