რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ რუსეთის 20-ზე მეტ რეგიონსა და ოკუპირებულ ყირიმში 519 უკრაინული დრონი უვნებელყვეს. უცნობია ზუსტად რამდენმა დრონმა მიიტანა რუსეთზე იერიში. უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიშები მიიტანეს ოკუპირებულ ლუგანსკზეც.
იაროსლავლის ოლქში დრონმა იერიში მიიტანა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, როგორც ამას ტელეგრამ არხი Astra და უკრაინული Exilenova+ წერს. იაროსლავლის ოლქის ხელისუფლებამ მხოლოდ დრონების იერიშის ცნობა გაავრცელა. რამდენიმე საათით მოსკოვის მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდა. იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელზე უკრაინულ დრონებს იერიშები წარსულშიც მიუტანიათ.
ლენინგრადის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დრონებმა ლუგის პოლიგონზე, უსტ-ლუგისა და ვისოცკის პორტების რაიონებში დააზიანეს "ინფრასტრუქტურული ობიექტები". არაა დაზუსტებული რა სახის ობიექტები დაზიანდა.
დრონების იერიშის შედეგად ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა ოკუპირებულ ყირიმზე მდებარე სევასტოპოლი.




