ევროპული საქართველო

ბოკერია: ნაც. მოძრაობის კოალიცია სააკაშვილის შესახებ წერილში აქცენტებს არასწორად სვამს

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მთავრობაში შესაძლო დანიშვნის შესახებ. 

ბოკერია ამბობს, რომ მის გუნდს, ევროპულ საქართველოსა და მათ პარტნიორებს, თავისუფალ დემოკრატებს, ამ განცხადებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ და ნაციონალური მოძრაობის კოალიცია ამ წერილში აქცენტებს არასწორად სვამს. 

"ივანიშვილის მთავრობას სააკაშვილი რომ არ მოსწონს, რბილად რომ ვთქვათ და, ზოგადად, სძულს და პოლიტიკურ დევნას რომ გადააყოლა, ეს არის პრობლემა და არა ის, ვინ არის მართალი სააკაშვილის შეფასებაში ან როგორ ვაფასებთ წარსულს, ვარდების რევოლუციის შემდგომ რეფორმებს. ჩემი პოზიცია ამაზე ცნობილია, მაგრამ ამაზე არ უნდა იყოს დისკუსია", - ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, დისკუსია იმაზე უნდა მიმდინარეობდეს, რომ საქართველოს სჭირდება, რომ უკრაინასთან "სტრატეგიულად ნორმალური" ურთიერთობა ჰქონდეს. მისი შეფასებით, დაინიშნება თუ არა სააკაშვილი უკრაინის მთავრობაში, ეს უკრაინის შიდა პოლიტიკის საკითხია და საქართველოში არსებული პოლიტიკური სპექტრი და ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ამაში არ უნდა ერეოდეს. 

"ამ საკითხზე თავისი პოზიცია არ უნდა გადააყოლოს ქვეყნის ინტერესებს, რასაც ივანიშვილი აკეთებს. ამასთან არასწორია კამათი, რომ ჩვენ დადებითად ვაფასებთ სააკაშვილის დანიშვნას, თუ მის წარსულ მოღვაწეობას. ეს აქ რელევანტურიც არაა. ჩვენც თავი უნდა შევიკავოთ იმის შეფასებისგან, უკრაინისთვის რა იქნება კარგი და რა - არა. მთავარი ისაა, რომ ივანიშვილი აზიანებს მთელ ქვეყანას", - ამბობს ბოკერია. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა 1 მაისს უკრაინის უმაღლეს რადასა და უკრაინელ მოქალაქეებს წერილით მიმართეს, სადაც წერენ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში "უმნიშვნელოვანესი რეფორმები განხორციელდა მრავალი მიმართულებით, რაც მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოების მიერაა აღიარებული". პარტიები წერენ, რომ ანალოგიური რეფორმები ხელს შეუწყობს უკრაინის განვითარების დაჩქარებას, რეგიონის წინსვლასა და დემოკრატიულ პროგრესს. 

"დასასრულს, გამოვთქვამთ რწმენას, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინაში რეფორმების განხორციელების მიზნით მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარდგენა მხოლოდ დააახლოებს ორ მეგობარ სახელმწიფოს და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ხალხების საერთო მცდელობას", - წერია წერილში. 

22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ მან პრეზიდენტ ზელენსკისგან მიიღო შეთავაზება, რეფორმების საკითხებში უკრაინის ვიცეპრემიერი გამხდარიყო. იმავე პოსტში სააკაშვილმა დაწერა, რომ ის ამ შეთავაზების მიღებას აპირებდა. 

ამის შემდეგ სააკაშვილი რადაში შემავალ ფრაქციებთან თავისი სამოქმედო გეგმის შესახებ მოლაპარაკებებს მართავდა. 28 აპრილს უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა სააკაშვილის კანდიდატურა უკან გაიწვია და ამის მიზეზად რადას დეპუტატებს შორის მხარდაჭერის ნაკლებობა დასახელდა. 

იმავე დღეს ტაბულასთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინელმა დეპუტატებმა თქვეს, რომ სააკაშვილის კანდიდატურა რადასთვის ოფიციალურად წარდგენილი არ ყოფილა. 

მომდევნო დღეს, 30 აპრილს უკრაინულ მედიაში წყაროზე დაყრდნობით კვლავ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი, შესაძლოა, რეფორმების ეროვნული საბჭოს წევრი გახდეს. საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა და მასში წევრების დანიშვნას რადას მხარდაჭერა არ სჭირდება. 

მთელი ამ დროის განმავლობაში ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ თუ სააკაშვილი უკრაინის ვიცეპრემიერი გახდებოდა, შესაძლოა, საქართველოს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის გადაეხედა.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობდა, რომ თუ უკრაინა მიხეილ სააკაშვილს ვიცეპრემიერად დანიშნავდა, ამას "საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია" მოჰყვებოდა.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველომ უკრაინიდან ელჩი გამოიწვია, პრემიერმინისტრი უარყოფს და ამბობს, რომ ჯერჯერობით ელჩი არ გამოუწვევიათ. თუმცა, თუ სააკაშვილს უკრაინა ვიცეპრემიერად დანიშნავს, გიორგი გახარიას თქმით, მმართველი გუნდი ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოიწვევს.

კომენტარები