ევროპული საქართველო

კაპანაძე მარტში ეკონომიკის შემცირებაზე: მთავრობამ მყისიერი რეაგირება ვერ მოახდინა

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე მარტში საქართველოს მშპ-ს 2.7%-ით შემცირებას ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთი ეკონომიკური ვარდნა ხსენებულ თვეში მოსალოდნელი იყო.

კაპანაძის თქმით, ეკონომიკური ვარდნა, ზოგადად, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად შემოღებულ შეზღუდვებს ახასიათებს, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, ცუდი ის იყო, რომ მთავრობამ მყისიერი რეაგირება ვერ მოახდინა: 

"[მთავრობამ] ვერ წარმოადგინა ვერც ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პროგრამა. არც, მაგალითად, ევროპული საქართველოს მიერ შეთავაზებული კონკრეტული პროგრამა გაითვალისწინა და დაკარგა დრო. ის, რომ კრიზისის პირველივე თვეს გვქონდა ამხელა ეკონომიკური ვარდნა, არის სწორედ ამის შედეგი და დამსახურება", - ამბობს სერგი კაპანაძე. 

დეპუტატის თქმით, ძალიან ცუდია, რომ მთავრობა ჯერ კიდევ "ფეხს ითრევს" კონკრეტული ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმისგან, მათ შორის არც გადასახადების შემცირებას აპირებს და არც საპენსიო დანაზოგის სახით დაგროვებული თანხის მოსახლეობისთვის დაბრუნებას. 

"ანუ იმას, რაც შეამცირებდა ეკონომიკაზე წნეხს და გარკვეულწილად გზას დასახავდა, თუ როგორ დავძლიოთ ეს კრიზისი", - ამბობს კაპანაძე. 

საქსტატის მიერ მომზადებული მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების დოკუმენტის მიხედვით, მარტში საქართველოს მშპ 2.7%-ით შემცირდა. რაც შეეხება ჯამურად წლის პირველ კვარტალს, მოცემულ პერიოდში ქვეყნის მშპ ჯამურად 1.5%-ით გაიზარდა. 

ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის სამართავად მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა 24 აპრილს, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებიდან 2 დღის შემდეგ, წარადგინა. 

გეგმის ჯამური ღირებულება 3.5 მილიარდ ლარს აღწევს. კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალი სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ. 

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე ერთი თვით ადრე, 26 მარტს, ანტიკრიზისული გეგმა ევროპულმა საქართველომაც წარადგინა. 

26 აპრილს ოპოზიციურმა პარტიამ კიდევ ერთი პროგრამა წარადგინა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს კრიზისის სამართავად 6 მილიარდი ლარის მობილიზება.

კომენტარები