ჯანდაცვის სისტემა

ტიკარაძე: დაფინანსება უწყდება ისეთ დაწესებულებებს, როგორიც არის ესთეტიკის ცენტრები

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის თქმით, მთავრობის დადგენილება, რომელიც 13 ათასზე ნაკლები რეგისტრირებული პაციენტის შემთხვევაში, ქუთაისისა და ბათუმის ამბულატორიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს, ეხება ისეთ დაწესებულებებს, როგორიც არის ესთეტიკის ცენტრი.

ტიკარაძის განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის საბჭო, რომელიც დღეს 18:00 საათზე შეიკრიბება, ისეთ ობიექტებზე იმსჯელებს, რომლებიც დაბებში მდებარეობს. მინისტრმა თქვა, რომ შეიძლება ასეთი დაწესებულებების კონტიგენტი 13 000-ზე ნაკლებია, მაგრამ გეოგრაფიულად მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ დაფინანსებას შეინარჩუნებს.

"სხვები, რომლებიც არიან არა სამედიცინო, არამედ ისეთი დაწესებულებები, რომლებიც არის ესთეტიკური ცენტრები და ისინი დამატებით მონაწილეობდნენ სახელმწიფო დაფინანსებაში - ამაზე გადაწყვეტილება მიღებულია და ის განხორციელდება", - თქვა მან.

რაც შეეხება ამ კლინიკებში დასაქმებულ პერსონალს, ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოში ექიმების დეფიციტია.

"შესაბამისად, ექიმების და ექთნების კანდიდატურები განიხილებიან დეტალურად და პერსონალურად, შესაბამისად, უმუშევრობის რისკი არის მნიშვნელოვნად დაბალი", - თქვა მან.

1-ლი მაისიდან, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსების მიღება უწყდებათ იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13 000-ზე ნაკლებია.

ამის შესახებ მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №15 დადგენილებაში წერია.

დოკუმენტის მიხედვით, დაფინანსების მიმღებია ბათუმსა და ქუთაისში ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა კლინიკა, რომელსაც, 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, რეგისტრირებული ჰყავს 13,000 და მეტი ბენეფიციარი (ძირითადი კონტინგენტი).

გამონაკლისი დაიშვება:

  • ქალაქების მუნიციპალიტეტებში არსებულ დაბებსა და სოფლებში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებზე;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა საოჯახო მედიცინის ცენტრებზე;
  • გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებზე, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით;
  • უზრუნველყოფს პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს ადგილზე და/ან ახორციელებს ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღებას/ჩაბარებას და სხვა სათანადო დაწესებულებაში ტრანსპორტირებას, ასევე პასუხების უკან დაბრუნებას, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით ეს ბევრ ამბულატორიასა და პოლიკლინიკას დააყენებს ფინანსური პრობლემების წინაშე და უმუშევარს დატოვებს იქ დასაქმებულ ექიმებისა და ექთნების ნაწილს. ჭიაბერაშვილმა მთავრობას მოუწოდა, შეაჩეროს მე-15 დადგენილების მოქმედება და ამავე დროს, წარმოადგინოს მკაფიო გეგმა, როგორ ანაზღაურდება ექიმებისა და ექთნების შრომა ამ უპრეცედენტო კრიზისის პირობებში. მისი აზრით, ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართულმა სამედიცინო პერსონალმა დანამატები უნდა მიიღოს, ხოლო პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირებულ ექიმებზე კომპენსაცია გაიცეს.

ევროპული საქართველოს წევრი ამბობს, რომ COVID-19-თან ბრძოლაში ოჯახის ექიმების როლი განსაკუთრებულია და თუ მათ ნაწილს ხელფასი შეუმცირდება ან ნაწილი სამსახურს დაკარგავს, ეს არა მხოლოდ მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, არამედ მათი პაციენტების მდგომარეობაზეც.

კომენტარები