შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 74 ადამიანი დავაჯარიმეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 74 ადამიანი დააჯარიმეს. 

უწყების ცნობით, 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის სულ 114 ადამიანი დაჯარიმდა - ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის 3, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი - 29 მოქალაქე. ასევე, თვითიზოლაციის წესი დაარღვია 8 ადამიანმა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს", - წერია შსს-ს განცხადებაში. 

საგანაგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000, იურიდიული პირი კი 15 000 ლარით ჯარიმდება. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს სანქციები სამართლიანია და ამ მომენტისთვის არანაირი მსჯელობა ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

კომენტარები