კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტირებების სიმცირეზე: ხარვეზია

თენგიზ ცერცვაძე

"ხარვეზია" - ასე პასუხობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე შეკითხვას, არის, თუ არა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ხარვეზი ის, რომ ქვეყანაში ახალ კორონავირუსზე აგრესიული ტესტირებები არ კეთდება და რეგიონშიც კი ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტირებების რაოდენობით სხვა ქვეყნებს ჩამოვრჩებით. 

"მაგრამ ორ მომენტს გეტყვით, რაც შედარებით ამ ხარვეზს არბილებს საქართველოსთვის. ერთი, გერმანიას, ევროპის ლიდერს ამ ტესტირებების საქმეში, გამოკვლეული ჰყავს 2 000 000-ზე ცოტა მეტი მოქალაქე, რაც წარმოადგენს მისი მთლიანი მოსახლეობის 2.5%-ს მხოლოდ. ანუ იცით, რა გამოდის? კი, 2 000 000, ეს გაცილებით კარგია, ვიდრე ჩვენთან 12 000, მაგრამ ის 2 000 000 80-მილიონიანი გერმანიის მხოლოდ 2.5%-ია", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში". 

ცერცვაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს რიცხვი აწიოს და მომავალი კვირიდან გერმანული სტანდარტით აპირებს მოქალაქეების გამოკვლევას ვირუსზე. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ტესტების მობილიზება, თენგიზ ცერცვაძე პასუხობს, რომ ის მხოლოდ კლინიცისტია და ეს საკითხი მას არ ეხება, თუმცა მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია იყო, რომ მსოფლიო ბაზარზე ხარისხიანი ტესტების დიდი დეფიციტია და "უხარისხოს აჯობებდა, არ შეეძინათ". 

თენგიზ ცერცვაძის თქმით, აგრესიულ გამოკვლევაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ ვის იკვლევ და რამდენად სწორად არჩევ სამიზნე ჯგუფებს. ის თვლის, რომ ამ საკითხში საქართველო არცერთ წამყვან ევროპულ ქვეყანას არ უდებს ტოლს, მათ შორის არც გერმანიას. 

"თუნდაც ახლა გამოკვლევაში ტესტები ცოტა გვქონდა, მაგრამ ეს ცოტა ტესტი უფრო ეფექტურად იქნა გამოყენებული. შეგიძლიათ, ეს ყველაფერი არ დაიჯეროთ, მაგრამ რას უზამთ იმას, რომ ჩვენთან 6 ადამიანია გარდაცვლილი და სხვაგან 6 000, 60 000. ხო შედეგით იზომება ყველაფერი?

ცოტაა ჩვენთან გაკეთებული ტესტი, მაგრამ მაქსიმალური სარგებლიანობითაა ეს ტესტი გამოყენებული",- თქვა თენგიზ ცერცვაძემ. 

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 517 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი - გარდაიცვალა. 

შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით, ქვეყანაში ამ დრომდე არ დაწყებულა ე.წ აგრესიული ტესტირება. ამ დროისთვის, დაახლოებით, 13 000-მდე ტესტია ჩატარებული. 

კომენტარები