ლიტვა

ვილნიუსში რესტორნებს და კაფეებს საჯარო სივრცეში მაგიდების განთავსების უფლებას მისცემენ

Shutterstock

ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად დაზარალებულ რესტორნებს, კაფეებს და ბარებს საჯარო სივრცის ნაწილებს გადასცემს, რათა ღია სივრცეები მოაწყონ. მათ უფლება ექნებათ საჯარო ტერიტორიაზე განათავსონ მაგიდები და სკამები და ამგვარად დაიცვან სოციალური დისტანციის წესები. კაფეებსა და რესტორნებში მაგიდები მინიმუმ 2 მეტრის დაშორებით უნდა განლაგდეს. ამან პრობლემა შექმნა დედაქალაქის ძველ უბანში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

"მოედნებსა და ქუჩებზე მიმდებარე კაფეებს შეეძლებათ გადასახადის გარეშე განათავსონ მაგიდები ამ სეზონზე და გააგრძელონ საქმიანობა კარანტინის პირობებში." თქვა ქალაქის მერმა. მისივე თქმით მთავარ პრიორიტეტად კვლავ მოქალაქეთა ჯანმრთელობა რჩება, თუმცა ამ ინიციატივის მეშვეობით კაფეები შეძლებენ განაახლონ მუშაობა, შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და დედაქალაქში კვლავ სიცოცხლე ჩქეფდეს.

გარდა ამისა, ვილნიუსის მთავრობამ ქალაქის ჯანდაცვის სექტორის მუშაკებს მადლობის ნიშნად 400,000 ევრომდე ღირებულების რესტორნის ვაუჩერები გადასცა. მათი თქმით ეს სტიმული იქნება არა მხოლოდ მედიკოსების, არამედ კაფეების და რესტორნებისთვისაც.

რესტორნები, კაფეები და ბარები, ისევე როგორც სილამაზის სალონები და ყველა ტიპის მაღაზია ქვეყანაში მიმდინარე კვირას გაიხსნება. მოქალაქეებს კვლავ მოუწევთ უსაფრთხოების ზომების დაცვა, მათ შორის ნიღბების ტარება საჯარო სივრცეებში.

ამჟამად ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადების 1,344 შემთხვევაა დადასტურებული, დაიღუპა 44 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 536.

კომენტარები