კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: COVID 19-ით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს შორის ერთი ბავშვია, უკვე 11 მოზარდი გვყავს

რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს შორის ერთი ბავშვია. 

"ახლა უკვე გვყავს 11 მოზარდი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. აქედან გამომდინარე, მონიტორინგს ჩავატარებთ შესაბამის დღეებში, PCR ტესტირებას და ალბათ ისინიც დატოვებენ კლინიკას თანდათანობით,"- თქვა ეზუგბაიამ

მისივე თქმით, ახალ პაციენტებს შორის ერთი თეთრიწყაროდან არის. 

27 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დადასტურებულია ინფიცირების 496 შემთხვევა.

აქედან 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 - გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში 4 833 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571.  

საქართველოში კორონავირუსის გამო 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.  

როგორ მოიხსნება შეზღუდვები - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წაიკითხეთ აქ.

კომენტარები