ნარკოდანაშაული

ბათუმში სპეცოპერაციისას 40 კგ ჰეროინი ამოიღეს, დააკავეს ბულგარეთის 2 მოქალაქე

ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციისას ნარკოდანაშაულისთვის ბულგარეთის ორი მოქალაქე დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის თქმით, ამოღებულია 40 კილოგრამი ჰეროინი. ღირებულება შავ ბაზარზე 2 მილიონ დოლარს აჭარბებს. 

ჭელიძის ინფორმაციით, სპეცოპერაცია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ ჩატარდა.

"საქართველოში მიმდინარე წლის მარტის თვეში უკანონოდ გადმოზიდეს მსუბუქ ავტომობილში, სპეციალურად გამზადებულ სამალავში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და ბათუმში დროებით საცხოვრებელ ბინაში განათავსეს. აორგანიზებდნენ ცენტრალურ ევროპაში მის გადაზიდვას", - თქვა მამუკა ჭელიძემ.  

გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები