კორონავირუსი

აშშ-ის 4 ციხეში 3277 პატიმარს Covid-19 დაუდასტურდა, აქედან 96% ასიმპტომურია

Marion Correctional Institution

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად აშშ-ის ციხეებში ტესტირებას აფართოვებენ. უკანასკნელი მონაცემებით, აშშ-ის მხოლოდ ოთხ ციხეში - არკანზასში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოჰაიოსა და ვირჯინიაში - 3 277 პატიმარს დაუდასტურდა ახალი ვირუსი და აქედან 96% სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ასიმპტომური, მაგრამ გადამდები ადამიანები, შესაძლოა, ვირუსის გამავრცელებელი მთავარი წყარო იყოს. მკვლევართა განცხადებით, ასიმპტომურ ადამიანებს, რომლებსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ, შესაძლოა, მოგვიანებით განუვითარდეთ ვირუსის სიმპტომები.

ოჰაიოს მარიონის გამოსასწორებელ დაწესებულებაში 2 500 პატიმარია, უმეტესობა ასაკოვანი და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით. ციხეში 2 300 პატიმარს ახალი კორონავირუსის ტესტი გაუკეთეს, 2 028 ახალი ვირუსი დაუდასტურდა, აქედან 95% ვირუსის სიმპტომები არ ჰქონია.

ოჰაიოში 28 ციხეა, სადაც 49 000 პატიმარი იხდის სასჯელს. ოჰაიოს 15 ციხეში ჯამში 3 837 პატიმარს დაუდასტურდა ახალი ვირუსი. შტატს არ უთქვამს, სულ რამდენი ტესტირება ჩაატარეს, ასევე არ უთქვამს, დანარჩენი 1 809 დადასტურებული შემთხვევიდან ასიმპტომური რა ნაწილი იყო.

მიჩიგანის, ტენესისა და კალიფორნიის სახელმწიფო ციხეებშიც დაიწყეს მასობრივი ტესტირება პატიმრებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ სიმპტომები არ აქვთ. ტენესიში განაცხადეს, რომ დადასტურებული შემთხვევების უმეტესობას სიმპტომები არ ჰქონდა. მსგავსი სურათია მიჩიგანშიც. ოჰაიოს მსგავსად, არკანზასსა და ტენესიშიც ერთდროულად რამდენიმე ციხეში ატარებენ მასობრივ ტესტირებას.

ტენესიში მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათეულ პატიმარს ვირუსი დაუდასტურდა, გასული კვირიდან აგრესიული ტესტირება დაიწყეს. 3 503 ტესტირებულიდან 651 პატიმარს ვირუსი დაუდასტურდა, აქედან უმეტესობა ასიმპტომური იყო.

ჩრდილოეთ კაროლინის ერთერთ ციხეში ყველა, 723-ვე პატიმარს ჩაუტარეს ტესტი. 444 მათგანს ვირუსი აღმოაჩნდა და აქედან 98% ასიმპტომური იყო. ციხეში ვირუსისგან ერთი პატიმარი გარდაიცვალა.

არკანზასის ორ ციხეში ვირუსი 751 პატიმარს დაუდასტურდა და თითქმის ყველა ასიმპტომური იყო. უცნობია, ციხეებში ვირუსის აღმომჩენი ტესტი რამდენ პატიმარს ჩაუტარეს.

მიჩიგანის ლეიკლენდის გამოსასწორებელ დაწესებულებაში ყველაზე ასაკოვანი პატიმრები იხდიან სასჯელს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ლეიკლენდის 1400 პატიმრიდან თითქმის ნახევარს ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები აქვს. 23 აპრილის მონაცემებით, ციხეში ახალ ვირუსს 9 პატიმარი ემსხვერპლა. ამჟამად 971 პატიმარს ჩაუტარეს ტესტი, აქედან 642 პატიმარს (66%) ვირუსი დაუდასტურდა. უცნობია, რამდენი მათგანი იყო ასიმპტომური.

Reuters-მა 50 სახელმწიფო ციხეთა სისტემაში გამოკითხვა ჩაატარა. გამოცემას 30 მათგანი გამოეხმაურა და როგორც გაირკვა, უმეტესობა ამჟამად მხოლოდ იმ პატიმრებს უკეთებს ტესტს, რომლებსაც სიმპტომები აღენიშნებათ.

მაგალითად, ნიუ-იორკში, ფლორიდაში და ტეხასში მხოლოდ იმ პატიმრებს უკეთებენ ტესტს, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები აქვთ. ფლორიდაში და ტეხასში ბევრად მეტი პატიმარია, ვიდრე ოჰაიოში, თუმცა ორივე შტატში ვირუსის სულ 931 შემთხვევა დადასტურდა, ოჰაიოში კი როგორც მაღლა აღვნიშნეთ - 3 837. ნიუ-იორკში, სადაც 51 000 პატიმარია, ვირუსი 269 მათგანს დაუდასტურდა. 

26 აპრილის ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსის აღმომჩენი ტესტი 5 279 237 ადამიანს ჩაუტარეს, აქედან 960 896 პირს ვირუსი დაუდასტურდა. 54 265 პაციენტი გარდაიცვალა, 118 162 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები