იემენი

იემენში სეპარატისტებმა მთავრობასთან შეთანხმება გაწყვიტეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს

Reuters

იემენის სამხრეთით, რეგიონულ დედაქალაქ ადენში გამაგრებულმა სეპარატისტებმა ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობასთან სამშვიდობო შეთანხმება გაწყვიტეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

სამხრეთის გარდამავალი საბჭოს განცხადებაში საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა, რომელიც ამჟამად ქვეყნიდან არის გაქცეული, კორუფციაში და არასწორ მართვაში დაადანაშაულეს და ადენში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

სამხრეთის გარდამავალ საბჭოს მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერს, ხოლო იემენის მთავრობას საუდის არაბეთი. მათი თქმით, სეპარატისტები ეს ნაბიჯი სახიფათოა და შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვეს:

"ე.წ. გარდამავალი საბჭოს განცხადება სამხრეთით ადმინისტრაციის ჩამოყალიბების თაობაზე შეიარაღებული დაპირისპირების ხელახლა დაწყების სურვილზე მიუთითებს და ასევე იმაზე, რომ ისინი სრულად ამბობენ უარს რიადში მიღწეულ შეთანხმებაზე." ნათქვამია იემენის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

როგორც სეპარატისტები, ასევე იემენის ყოფილი პრეზიდენტის, აბედ რაბო მანსურ ჰადის მხარდამჭერები, საუდის არაბეთის კოალიციის დახმარებით, რომელშიც არაბთა გაერთიანებული საამიროებიც შედის, ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტ ამბოხებულებს ებრძვიან, რომელთაც ქვეყნის ჩრდილოეთი უკავიათ, მათ შორის დედაქალაქი სანა. ამის გამო ადენი დროებით დედაქალაქად არის გამოცხადებული.

იემენში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო.

2014 წელს, ჰუსიტი ამბოხებულების მიერ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი და დედაქალაქის დაკავების შემდეგ პრეზიდენტი ჰადი ჯერ სწორედ ადენში გაიქცა, შემდეგ კი საუდის არაბეთში. საუდის არაბეთის კოალიცია კონფლიქტში 2015 წელს ჩაერთო, იემენში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო. მათ ჰადის ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ. თუმცა, გასული წლის აგვისტოში ჰადის ძალებსა და სამხრეთელ სეპარატისტებს შორის კონფლიქტი გაჩაღდა. სეპარატისტებმა ადენი და სამხრეთით მდებარე მნიშვნელოვანი პროვინციები აიღეს. ბრძოლა მას შემდეგ შეწყდა, რაც მათ ნოემბერში შეთანხმებას მიაღწიეს ძალაუფლების განაწილების თაობაზე.

2015 წლის შემდეგ იემენში კონფლიქტმა 112,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 12,600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის მიხედვით, კონფლიქტის განმავლობაში შიმშილით 80,000-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. 2017-2018 წლებში კი ქვეყანაში ქოლერა გავრცელდა, რასაც 2,556 ადამიანი ემსხვერპლა. ამჟამად არსებობს საფრთხე, რომ კორონავირუსის გავრცელებას ქვეყანაში, სადაც ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები და ჯანდაცვის ორგანოები მოშლილია, დიდი რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვება. ჯერ-ჯერობით იემენში ახალი კორონავირუსით დაავადების ოფიციალურად დადასტურებული მხოლოდ ერთი შემთხვევაა აღრიცხული.

კომენტარები