კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 25 აპრილს ბოლნისიდან ახალი პაციენტი დაგვემატა, მისი მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, კლინიკაში კორონავირუსით 45 პაციენტია მოთავსებული. მისი თქმით, 25 აპრილს, კლინიკას ახალი პაციენტი დაემატა, რომლის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა. 

"გუშინ ახალი პაციენტი შემოგვემატა ბოლნისის წყაროდან. რადიოლოგიური და გაფართოებული კვლევით, მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც საშუალო სიმძიმის", - თქვა ეზუგბაიამ ტვ. პირველის ეთერში და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ინფექციურში 17 მძიმე პაციენტია მოთავსებული. 

მისივე თქმით, კლინიკაში 9 მოზარდი მკურნალობს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

stopcov.ge-ს მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებულმა რაოდენობამ 456-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 139 და გარდაიცვალა 5 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4 904 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579

კორონავირუსის გამო, საქართველოში 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 27 აპრილამდე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.

კომენტარები