საგანგებო მდგომარეობა

"გაბედეს" აქტივისტი საშვის არქონის გამო 300 ხელმოკლე ოჯახს პროდუქტებს და წამლებს ვერ აწვდის

მიშა ქუმსიშვილი

ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა, "გაბედეს" აქტივისტმა, მიშა ქუმსიშვილმა, ევროკაშირისგან დაფინანსება მიიღო, რათა საქართველოში მცხოვრები, 300 ხელმოკლე ოჯახი საკვებით, მედიკამენტებით და ჰიგიენის საშუალებებით მოამარაგოს. თუმცა, ამას ვერ ახერხებს, რადგან ხელისუფლება მანქანით გადაადგილებისთვის საჭირო საშვის გაცემაზე უარს ეუბნება.

ქუმსიშვილი ყვება, რომ მის და სხვა მოხალისებიის მიერ მიწოდებულ დახმარებას ჯერჯერობით უშედეგოდ ელოდება უკიდურესად მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი 300 ოჯახი, საქართველოს 6 სხვადასხვა ქალაქში: თბილისში, რუსთავში, დუშეთში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში.

მისივე თქმით, უკვე არსებობს შეთანხმება სურსათის მაღაზიებთან, სადაც პროდუქტები უნდა შეისყიდოს და ჰუმანიტარულ პაკეტებად აქციოს. თუმცა, უწყებების და მათი წარმომადგენლების "უპასუხისმგებლობა, უყურადღებობა, არაპროფესიონალიზმი და ამავე დროს, პოლიტიკური შიშები" ხელს უშლის.

ქუმსიშვილის თქმით, საშვის მისაღებად თავდაპირველად მთავრობის ცხელ ხაზზე - 144-ზე დარეკა, საიდანაც ეკონომიკის სამინისტროს ცხელ ხაზზე გადაამისამართეს, იქიდან მერიაში, შემდეგ ისევ 144-ზე, სადაც ამჯერად უთხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში დაეხმარებოდნენ, თუმცა, ჯანდაცვის უწყებამაც ვერ შეძლო ქუმსიშვილის საშვით უზრუნველყოფა.

23 აპრილს მან ფეისბუქზე ლაივ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც შექმნილი ვითარება დეტალურად აღწერა. ამის შემდეგ ქუმსიშვილს შსს-დან დაუკავშირდნენ.

ტაბულასთან ის ყვება:

"იმ დღეებში, როცა ცხელ ხაზზე ვრეკავდი, არავინ იცოდა ჩემი ვინაობა, ამიტომ საშვზე უარის მიზეზს პოლიტიკურ ნიშნებს ვერ დავუკავშირებ. თუმცა, მას შემდეგ, რაც ლაივში საუბრის შემდეგ შსს-ის თანამშრომელი დამიკავშირდა, გამომკითხა დეტალები, რა პროექტი იყო, რას ვაპირებდით, ვის უნდა დავხმარებოდით ა.შ. ვუთხარი, რის შემდეგაც შემპირდა, რომ საშვის მოცემაზე შუამდგომლობას დამიწერდა. მე მივწერე ის, რაც აინტერესებდა, აღვწერე ჩემი პროექტის არსი, მიზანი, რა უნდა გამეკეთებინა.

გადაამოწმეს ჩემ შესახებ ინფორმაცია და მეორე დილით საშვის გაცემაზე უარი მომწერეს, ყველანაირი დასაბუთების გარეშე. აქედან გამომდინარე ნამდვილად მრჩება განცდა, რომ პოლიტიკური ნიშნით დამბლოკეს, ვინაიდან უნდათ, თავად ჰქონდეთ ექსკლუზიური უფლება ქველმოქმედებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხში ფართო მასშტაბებს ვერ მიაღწიეს და შიშები აქვთ, რომ შეიძლება რომელიმე სხვა პოლიტიკურმა ძალამ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს, რაც ნამდვილად არ არის ჩვენი მიზანი. არც მითქვამს, რომელიმე პარტიის წარმომადგენელი ვიყავი თუ არა".

ქუმსიშვილი 27 აპრილს ელოდება, როცა მანქანებით გადაადგილება კვლავ დასაშვები გახდება, დატვირთული მანქანით კი, იმედოვნებს, რომ ქალაქებიდან გასვლის უფლებას მისცემენ.

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. 22 აპრილს ის ქართული ოცნების უმრავლესობამ 22 მაისამდე გაახანგრძლივა. ჩაკეტილია თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი, ასევე მარნეული, ბოლნისი და ქობულეთის და თერჯოლის რამდენიმე სოფელი. 26 აპრილის ჩათვლით აკრძალულია მანქანების გადაადგილება, გარდა სადისტრიბუციო, სატვირთო, სასწრაფო დახმარების და მედიის მანქანებისა. ყველა, ვინც მანქანით გადაადგილდება, სპეციალური საშვი აქვს. საშვის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს მანქანით გადაადგილების შეზღუდვა მრავალ პრობლემას უქმნის.

კომენტარები