მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

გახარია: თვითდასაქმებულებს 300-ლარიანი დახმარების მისაღებად მარტივი საბუთი დასჭირდებათ

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, რა დოკუმენტები დასჭირდებათ თვითდასაქმენულ ან არაფორმალურად დასაქმებულ ადამიანებს ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად.

"სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს სპეციალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, უმარტივესი გზით, არაფორმალურად დასაქმებული, როგორც კი შეძლებს, დაადასტუროს რამე სახით შემოსავალი, ეს შეიძლება იყოს - დამლაგებლისთვის ორგანიზაციის წერილი, სადაც ალაგებდა, მოვაჭრისთვის ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი, სადაც შრომობდა და სხვა, რაც დაადასტურებს, რომ ადამიანს 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი ჰქონდა. ჩვენთვის ესეც საკმარისი იქნება, რომ ასეთი სოციალური დახმარება გავცეთ", - თქვა მან.

  • დოკუმენტები შეგიძლიათ წარადგინოთ სოციალური მომსახურების ცენტრების ამ მისამართებზე.

პრემიერმინისტრმა დღეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა და განაცხადა, რომ თვითდასაქმებული ან არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში მთავრობისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, 300 ლარს მიიღებენ. მისი განცხადებით, ბიუჯეტს ეს ნაბიჯი დაახლოებით 75 მილიონი ლარი დაუჯდება.

გარდა ამისა, პრემიერმაა განაცხადა, რომ დაქირავებით დასაქმებული პირები, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, მომდევნო ექვსი თვის მანძილზე მთავრობისგან თვეში 200-ლარიან დახმარებას, ჯამში 1200 ლარს მიიღებენ.

ამ დახმარებით სარგებლობას დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე შეძლებს, რაც პრემიერის თქმით, ბიუჯეტს 460 მილიონი ლარი დაუჯდება.

კომენტარები