ვფიქრობ, ჩვენი ანტიკრიზისული გეგმით და, ზოგადად, ჩვენი მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებებით, თუ როგორ ვმართავთ ამ გამოწვევას, როგორ ვრეაგირებთ ეპიდემიაზე, როგორ წარმატებულად ვუმკლავდებით კორონავირუსსს და როგორი წარმატებით დავიწყეთ ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება - ბევრი სათქმელი არ დავუტოვეთ ოპოზიციას.
ამიტომაც, ის შეფასებები, რასაც ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ოპონენტის მხრიდან, სრულად ურთიერთგამომრიცხავია. ხან გვესმის, რომ ეს არის გაჭირვების, შველის პროგრამა და არა ეკონომიკური, არამედ სოციალური პროგრამა. დიახ, ეს არის გაჭირვებაში მყოფი ადამიანების სასწრაფო შველის და ხანძრის ჩაქრობის პროგრამა, ეს არის ეკონომიკის შველის პროგრამა, მათ შორის და მთავარია სოციალური. ხან გვესმის, რომ ეს წინასაარჩევნო პროგრამაა. ანუ ისე უნდა გავიგოთ, როგორც კომპლიმენტი. წინასაარჩევნო მათი გაგებით ნიშნავს მიმზიდველს და, მართლაც, ეს ისეთი პროგრამაა, რომლის გამოც ჩვენ გვერდში ძალიან ბევრი გვიდგას და დაგვიდგება. მოსახლეობაც ხედავს ამას და ბიზნესიც, მიმზიდველი პროგრამაა.
ხან გვესმის, რომ ეს არის სასწრაფოდ მიღებული ზომები. კი, ეს არის დროულად მიღებული ზომებია. ეს არის არამარტო ყოვლისმომცველი ანტიკრიზისული პროგრამა, ეს არის დროულად განხორციელებული პროგრამა, დროულად მიღებული დახმარება საფინანსო ინსტიტუტებისგან, დროულად შეთავაზებული მექანიზმები, ფინანსური შეწევნა და დახმარება მოსახლეობას, სხვადასხვა ფენას და ბიზნესებს.