ახალი კორონავირუსი საქართველოში

დღეს, 24 აპრილს, მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობამ დღეს ანტიკრიზისული გეგმა უნდა წარმოადგინოს.

პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს სოციალური დახმარების, ბიზნესის დახმარების გეგმას, ასევე დღეს წარდგენილი იქნება შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმა.

მთავრობამ დღეს უნდა თქვას, როგორ განაწილდება ის 3 მილიარდი დოლარი, რომელიც საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებისგან და დონორებისგან დახმარების სახით მიიღო.

„ხელისუფლება, ეპიდემიასთან ბრძოლის პარალელურად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის წარმოდგენაც ეტაპობრივად დაიწყო. პირველ ეტაპზე გატარდა აუცილებელი ზომები, მათ შორის – სამი თვის კომუნალური გადასახადების დაფარვა მოსახლეობისთვის; ცხრა მთავარ სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა, რომ ეს პროდუქტები არ გაძვირებულიყო; ბიზნესს დაუწესდა საგადასახადო შეღავათები; სამი თვით გადაუვადდათ სესხების მომსახურება მოქალაქეებს და ბიზნესს.

შემდეგი ეტაპი იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვა საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორებისგან, რაც მთავრობის უპრეცედენტო მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

ხელისუფლება ასეთივე თანმიმდევრული იქნება პოსტკრიზისული გეგმის შემუშავებისა და ეკონომიკური ცხოვრების ეტაპობრივი გააქტიურების პროცესში, რათა გლობალური პანდემიით გამოწვეული ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს“, – წერია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოპოზიცია ხელისუფლებას სთხოვდა, ანტიკრიზისული გეგმა იქამდე წარმოედგინა, სანამ პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებაზე იმსჯელებდა, თუმცა, მთავრობა ასე არ მოიქცა.

კომენტარები