სააკაშვილი უკრაინაში

იონათამიშვილი სააკაშვილზე: თუ დანიშნეს, უკრაინასთან ურთიერთობის გადახედვას არ გამოვრიცხავ

ინტერპრესნიუსი

"მე არ გამოვრიცხავ, რომ დღის წესრიგში დადგეს დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის კავშირი ძალიან ძვირფასია", - ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი, ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად დანიშვნის შესახებ. ამის შესახებ დეპუტატმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. 

"თუ მართლა დაინიშნა სააკაშვილი უკრაინაში ვიცეპრემიერად, ანუ ადამიანი, რომელიც არის ქართული მართლმსაჯულების მიერ ცნობილი დამნაშავედ და დღეს არის ძებნილი, ეს ცხადია, ძალიან დაამძიმებს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს", - თქვა იონათამიშვილმა.

22 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადებით, მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო. ის ამბობს, რომ მზადაა, მიიღოს შემოთავაზება. 

პოსტში სააკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ზელენსკის მთელი იმ დროის განმავლობაში უჭერს მხარს, რაც ის პრეზიდენტის თანამდებობაზეა. სააკაშვილის განცხადებით, ის უმაღლეს რადას თავის პროგრამას წარუდგენს, თუ როგორ უნდა დაეხმაროს დენის შმიგალის მთავრობას.

უკრაინული მედიის UNIAN ცნობით, სააკაშვილის შესაძლო ვიცეპრემიერობასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად ზელენსკის პარტიის "ხალხის მსახური" დეპუტატმა, ალექსანდრ კაჩურმა, გაავრცელა. კაჩურის თქმით, ფრაქციის "ხალხის მსახური" შეხვედრა ვიცეპრემიერობის კანდიდატთან უმაღლესი რადას რიგგარეშე სხდომის წინ გაიმრთება

კომენტარები