ეკონომიკა

Fitch-ის განახლებული პროგნოზით წელს გლობალური ეკონომიკა 3,9%-ით შემცირდება

Reuters

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 2020 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა.

წინა პროგნოზთან შედარებით, ამჯერად გლობალური მშპ-ის შემცირების პროგნოზი გაორმაგდა და 3,9% შეადგინა. სააგენტოს აზრით, სწორედ ამდენით შემცირდება მსოფლიოს ეკონომიკა 2020 წელს. 

ანალიტიკოსები მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისს "უპრეცედენტოს" უწოდებენ. ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტის თქმით, მიმდინარე ეკონომიკური რეცესია ორჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გლობალური ეკონომიკისთვის ყველაზე მასშტაბურ გამოწვევას წარმოადგენს. 

"არ დარჩენილა არცერთი ქვეყანა, ან რეგიონი, რომელიც პანდემიით გამოწვეულ გამანადგურებელ ეკონომიკურ შედეგებს გადაურჩა", — ნათქვამია ანგარიშში.

2019 წელთან შედარებით, გლობალური ეკონომიკის შემოსავლები 2,8 ტრილიონი დოლარით შემცირდება, ხოლო პროგნოზირებულთან შედარებით კლება 4,5 ტრილიონ დოლარს გაუტოლდება. განახლებული პროგნოზის თანახმად, 2020 წელს აშშ-ის ეკონომიკა 5,6%-ით, ჩინეთის 1%-ით, დიდი ბრიტანეთის 6,3%-ით, ხოლო ევროზონის 7%-ით შემცირდება.

"სამუშაო ადგილების კატასტროფული შემცირებისა და მცირე და საშუალო ბიზნესზე არსებული ძლიერი წნეხის ფონზე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი ნელი იქნება", — ნათქვამია დოკუმენტში. 

სააგენტოს პროგნოზით, აშშ-სა და ევროზონის მშპ კრიზისამდელ მოცულობას მხოლოდ 2021 წლის ბოლოსთვის აღიდგენს.

ამავე პროგნოზის თანახმად, განვითარებად ბაზრებზე ეკონომიკურ კრიზისს სხვადასხვა საქონელსა და ენერგომატარებელზე დაბალი ფასები კიდევ უფრო გაამძაფრებს. განსაკუთრებით დიდ დარტყმას ჩვენი რეგიონის ქვეყნებიდან თურქეთი და რუსეთი მიიღებს. 

სააგენტო პროგნოზირებს, რომ ნავთობზე ფასის ზრდა წლის მეორე ნახევრიდან, მას შემდეგ დაიწყება, რაც წამყვანი ეკონომიკები შემზღუდავი ნორმების შემსუბუქებას დაიწყებენ. ხოლო ეკონომიკური საქმიანობის სრულ აღდგენას სააგენტო 8-9 კვირაში ვარაუდობს.  

კომენტარები