ყინწვისის მონასტერი

არქიმანდრიტი საბა: დაუჭრელი და ცოცხალი ვარ, იარაღზე ინფორმაცია არ მაქვს

არქიმანდრიტი საბა ჟღენტი ამბობს, რომ მის დაჭრასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რითაც ის "გულნატკენი და ნაწყენია". 

"ჩვენ მშობლები, ახლობლები გვყავს და ასეთი ცრუ ინფორმაცია რომ ვრცელდება, ვიღაცაზე ეს ცუდად მოქმედებს… ძალიან ძნელია ამის ატანა... მე მხედავთ, როგორ ვარ და რა მდგომარეობაში ვარ, დაუჭრელი და ცოცხალი ვარ, მადლობა ღმერთს",- ამბობს არქიმანდრიტი ტვ პირველთან საუბარში და აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, რატომ დაიწყო შემთხვევაზე იარაღის უკანონო შენახვა-შეძენის მუხლით გამოძიება.

"შსს-მ ჩაატარა ოპერაცია, საიდან ამოიღო ის იარაღი… მე არ ვიცი, ვის ჰქონდა იარაღი… შსს ბევრ სამუშაოს ატარებს და ბევრგან აქვს იარაღი ამოღებული, მე რომ ეს ინფორმაცია მქონდეს, მაშინ ტაძრის წინამძღვარი კი არა, ვიქნებოდი შს მინისტრი და მეცოდინებოდა, რომელი იარაღი საიდან ამოიღეს. მე ვარ კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, საბა ჟღენტი, არქიმანდრიტი... ჩვენ ცალკე ვართ...მე უარვყოფ იმას, რომ აქ, საბას კოშკში, კეთილგონიერი ავაზაკის ტაძარში, რაიმე ოპერაცია ჩატარდა და იარაღი ამოიღეს და მამა დავითთან რა მოხდა ტაძარში, რა იარაღი ამოიღეს, ეს მე არ ვიცი. მამა დავითს უნდა ჰკითხოთ. მე არ მაქვს ინფორმაცია",- თქვა არქიმანდრიტმა. 

22 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა, არქიმანდრიტი საბა დაჭრა. ამავე ინფორმაციით, მომხდარს ადგილობრივი ეპარქიის მმართველი, რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობიც შეესწრო. 

რუის-ურბნისის მიტროპოლიტის მეუფე იობის მდივანი, მამა გაბრიელი, ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ყინწვისის მონასტერში დაპირისპირება არ მომხდარა. 

"გავრცელდა ტყუილი. შეგიძლიათ მოხვიდეთ, არქიმანდრიტი საბა შეამოწმოთ, არის საღსალამათი", - თქვა მამა გაბრიელმა. 

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. უწყებაში სხვა კითხვებს არ პასუხობენ.

კომენტარები