კორონავირუსი საქართველოში

სერგი კაპანაძე: კითხვები, რომლებიც პარლამენტში უნდა დასმულიყო

რადგან პარლამენტში კითხვების დასმა აგვიკრძალეს, აქ დავსვამ.

  • პრემიერი, ან ჯანდაცვის მინისტრი რატომ არ მოდის პარლამენტში?
  • მანქანების გადაადგილების შეზღუდვა ორშაბათამდე რა სიკეთეს ემსახურება?
  • მანქანიანი კურიერების აკრძალვა და მოტოციკლეტებიანის დატოვება რა საზოგადოებრივ სიკეთეს ემსახურება?
  • ღამის საათებში რომ გარეთ ვერ გავდივართ და ვერაფერს შეიძენ, და სამაგიეროდ მეტი ადამიანი დღის განმავლობაში მიდის მაღაზიაში თუ აფთიაქში, ამით როგორ მცირდება ინტერაქცია?
  • სოფელში აფთიაქში წასვლა რომ უნდა ოჯახის წევრს მოხუცებული ადამიანისთვის წამლის საყიდლად და ვერ მიდის, რადგან აფთიაქი 20 კილომეტრშია, რა უნდა ქნას?
  • პროდუქტების საყიდლად 70-ს გადაცილებული მოხუცები გარეთ ვერ გადიან, შეზღუდვის გამო. ამ პრობლემას უგვარებდნენ ოჯახის წევრები, რომლებსაც მიჰქონდათ მათთან პროდუქტები. ახლა ვეღარ მიაქვთ. ამ ხალხმა რა უნდა ქნას?
  • ერთი ოჯახის წევრებს რომ აჯარიმებთ მანქანაში წინ ჯდომისთვის 3000 ლარით და რელიგიურ დღესასწაულზე ათასობით ადამიანი რომ შეიკრიბა და მათ შემკრებ ორგანიზაციას არ აჯარიმებთ, ეს ორმაგი სტანდარტი ხომ არ მიგაჩნიათ არაკონსტიტუციურად?
  • ონლაინ არაყს რომ ყიდულობ და ყვავილებს ვერა, ან ლუდს ყიდულობ და წიგნს ვერა, ეს რა საზოგადოებრივ სიკეთეს ემსახურება?
  • ამ უაზრო შეზღუდვებით, ვოლტს და გლოვოს რომ მანქანები შეუზღუდეთ, დელივერი სერვისებს დარტყმა მიადგებათ. ეს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას უკეთესობისკენ როგორ ცვლის?
  • ეკონომიკური გეგმა პარასკევს რომ უნდა წარმოადგინოთ, ორი დღით ადრე რომ დაგეწყოთ მომზადება, ოთხშაბათს ხომ მოასწრებდით?
  • საპენსიო დაგროვებით გადასახადს რატომ არ აჩერებთ და ამ დაგროვილ თანხას მოსახლეობას რატომ არ უბრუნებთ? ამაზე შავი დღე ექნებათ ჩვენს მოქალაქეებს?
  • საშემოსავლო და ქონების გადასახადებს რატომ არ ამცირებთ? ეს არ შეუქმნის უკეთეს პირობებს დასაქმებულებს და ბიზნესს?
  • ევროპული საქართველოს ანტიკრიზისულ გეგმას თუ იცნობთ და რა პუნქტებს ეთანხმებით?
  • აბიტურიენტებს რას უპირებთ? როგორ აპირებთ მისაღები გამოცდების ჩატარებას? ამ თემაზე ევროპული საქართველოს ინიციატივაზე რას ფიქრობთ?
  • როგორ აპირებთ მეთორმეტეკლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდების ადმინისტრირებას?
  • რამდენი ხანი გაუძლებს ქვეყნის ეკონომიკა ასეთ რეჟიმში ყოფნას? სრული ჩაკეტვის პირობებში პიკი არც ერთ და არც ორ კვირაში არ დადგება. მაგრამ დადგება როდესღაც აუცილებლად, რადგან ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს. ხომ არ არის უპრიანი სხვა რეჟიმზე გადასვლა ან თუნდაც ამაზე დისკუსიის დაწყება?
  • რატომ გვაქვს რეგიონში ყველაზე დაბალი ტესტირების მაჩვენებელი? ამითაც ხომ არ არის განპირობებული ჩვენთან დაბალი რიცხვები?
  • რამდენმა ეკონომიკურმა აქტორმა მოგმართათ საქმიანობის დაშვების მოთხოვნით? რამდენს უთხარით უარი და რამდენს თანხმობა. რატომ?
  • ერის მამა როდის აპირებს გამოჩნდეს? კი არ გეცოდინებათ, მაგრამ მაინც...
  • როდესაც ამბობთ, პარლამენტში საგანგებოზე კამათი არ შეიძლებაო, ქოცი დეპუტატები რომ ამბობენ, ივანიშვილი და ბერას ცანცარი ტიკტოკზე მისასალმებელია, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამუშავებისთვის ქართუს მადლობაო, ეს შეიძლება?
  • კონკრეტული მაგალითი: ბოლო ერთ თვეზე მეტია, ჩვენი აქტივისტები და პარლამენტარები, რომლებმაც ლუგარში გაიარეს ტრენინგი, ჩვენი ხელფასებიდნ აკრეფილი თანხით ყიდულობენ პროდუქტებს და მიაქვთ უპოვარ ოჯახებთან. ახლა ამას ვეღარ აკეთებენ, რადგან მანქანებით ვეღარ გადაადგილდებიან. ეს რა საზოგადოებრივ სიკეთეს ემსახურება?
  • ჩვენი საკრებულოს წევრებს აქვთ სურვილი, რომ ადგილობრივ შეუძლო ოჯახებს დაეხმარონ. თუმცა, მათ გადასაადგილებელ საშვებს არ აძლევენ. ეს რა საზოგდოებრივ სიკეთე ემსაზურება?

პ.ს. ეს მხოლოდ კითხვების ნაწილია.

ევროპული საქართველოს დეპუტატი, სერგი კაპანაძე აქვეყნებს იმ შეკითხვების ჩამონათვალს, რომლის დასმაც პარლამენტში სურდა. პრემიერმინისტრი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ არ მივიდა.

კომენტარები