კორონავირუსი საქართველოში

მეზვრიშვილი: არსებული სურათის შესანარჩუნებლად საგანგებო მდგომარეობა უმთავრესია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს. 

"ყველას კარგად გვესმის, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები ლეგიტიმურ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს და ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ საკითხებთან დაკავშირებით არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა გარკვეულ წრეებში. რა თქმა უნდა, კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს შეზღუდვები უნდა იყოს სიტუაციის პროპორციული, სწორედ ლეგიტიმურობა და პროპორციულობა იყო ის მთავარი პრინციპები, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს მივმართეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით. ამოსავალი იყო უპირველესი - ლეგიტიმური  მიზანი გახლდათ ვირუსის გავრცელების შენელება და  ამ გზით ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა," - თქვა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარების შენარჩუნებისთვის, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აუცილებელია. 

"ჩვენ ადრეული პრევენციით, სწორი მენეჯმენტით შევძელით იმ მძიმე შედეგების თავიდან არიდება, რაც ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო. ამიტომ, დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი და უმთავრესია, არსებული სურათის შესანარჩუნებლად საგანგებო მდგომარეობა [გახანგრძლივდეს]. სულ მცირე, უნდა ვეცადოთ, რომ არსებული სიტუაცია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. როგორც ეპიდემიოლოგები პროგნოზირებენ, ვირუსის გავრცელების პიკი მოსალოდნელია აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში, ამიტომ ძალიან  მნიშვნელოვანია, ამ ეტაპისთვის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებდეს და შეზღუდვები განაგრძობდეს მოქმედებას," - განაცხადა მეზვრიშვილმა. 

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე მოქმედებდა. ვადის ამოწურვის შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, მთავრობის მოთხოვნით, მისი 22 მაისამდე გახანგრძლივების ბრძანება გამოსცა. 

პარლამენტის სხდომაზე, სადაც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება უნდა დაამტკიცონ, ოპოზიციის მოთოხვნის მიუხედავად, პრემიერი გიორგი გახარია არ მივიდა.

ამ დრომდე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში აკრძალული იყო 3 ადამიანზე მეტის შეკრება და ავტომობილებით გადაადგილება, მოქმედებდა ასევე ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავდა. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა. როგორც პრემიერმინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყება, თუმცა არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელ შეზღუდვებზეა საუბარი, გარდა ავტომობილებით გადაადგილებისა. 

კომენტარები