საგანგებო მდგომარეობა

Glovo: საავტომობილო შეზღუდვის გამო ჩვენი კურიერების 30% ვერ აგრძელებს მუშაობას

მთავრობის მიერ შემოღებულ საავტომობილო შეზღუდვასთან დაკავშირებით Glovo განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აკრძალვის გამო კომპანიის პარტნიორი კურიერების 30% მუშაობას ვერ აგრძელებს.

22 აპრილიდან 27 აპრილამდე მიტანის (ე.წ დელივერი) სერვისის კურიერებს პროდუქციის ავტომობილით მიტანა აეკრძალათ.

როგორც გლოვოს განცხადებაში ვკითხულობთ, აკრძალვის გამო შესაძლებელია, მიტანის დრო გაიზარდოს და არეალი შემცირდეს. ამასთან, თბილისში, ბათუმსა და რუსთავში კომპანიის კურიერები დიდი მოცულობის შეკვეთებს ვერ წაიღებენ, ხოლო ქუთაისში კომპანია მუშაობას საერთოდ წყვეტს, რადგან იქ მხოლოდ მანქანიანი კურიერები ყავდა.

როგორც ტაბულას ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, 27 აპრილამდე პროდუქციის მიტანა დაშვებულია მხოლოდ ველო-მოტო ტრანსპორტით.

მთავრობის დადგენილებაში, რომელიც ძალაში 2 აპრილიდან შევიდა, ნათქვამია, რომ დასაშვებია საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურება (ე.წ. დელივერი სერვისი).

მთავრობამ ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილიდან აკრძალა, თუმცა 22 აპრილამდე შეზღუდვა მიტანის სერვისის კურიერებზე არ ვრცელდებოდა. 21 აპრილის გადაწყვეტილებით, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე რჩება ძალაში.

კომენტარები