კორონავირუსი საქართველოში

გოგიჩაიშვილი: ზოგ შეზღუდვას ლოგიკა არ აქვს, გვჭირდება პასუხები პრემიერმინისტრისგან

პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ისეთ სახელმწიფოს, როგორებიც თავად არიან და რა სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითებიც აჩვენეს ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში. 

პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გოგიჩაიშვილმა თქვა, რომ  ბოლო პერიოდში ბევრი პრობლემა გამოჩნდა, მათ შორის ის, რომ საქართველოს საწარმოო პოტენციალი ფაქტობრივად არ არსებობს. 

"ყველაზე მნიშვნელოვანია, კითხვებს გაეცეს პასუხი. რატომ ხდება, რომ 22 მაისამდე გაგრძელება და არა 23 მაისამდე, 15 მაისამდე? ბრძანებაც არის ძალიან ზოგადი, სადაც პრემიერმინისტრი წერს საქართველოს პრეზიდენტს, რომ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. რა არის ეს კარგი შედეგი? რითი ზომავთ ამ კარგ შედეგს? ასეთ კითხვებზე გვინდა ჩვენ პასუხის მიღება. 

რატომ ფიქრობთ, რომ 22-ის მერე დამარცხდება პლანეტაზე ვირუსი და გავრცელების საშიშროება არ იქნება. მერეც შეიძლება ამ აუცილებლობის წინაშე დავდგეთ?", - თქვა გოგიჩაიშვილმა. 

დეპუტატის თქმით, ადმინისტრირების კუთხითაც მრავალი პრობლემა იყო, მაგრამ დეტალებზე საუბარი არ სურს, რადგან ქვეყანას  იოლი მოცემულობა არ აქვს, თუმცა ზოგიერთ შეზღუვას ლოგიკა არ აქვს: 

"თუ ადამიანს ეკრძალება მანქანით გადაადგილება, მაგრამ ეძლევა შესაძლებლობა, რომ გამოვიდეს ქუჩაში და ფეხით იაროს, ლოგიკა არ არსებობს. მანქანებით გადაადგილების შეზღუდვამ ძალიან ბევრი პრობლემა გამოაჩინა. ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ დიალეზი, გადასხმა, რომლებიც გავიდნენ ქალაქიდან იმიტომ, რომ სხვანაირად სჭირდებათ ეს ჰაერი და ქალაქში ვეღარ ბრუნდებიან. დამეთანხმებით, რომ ისე არ მუშაობს ეს ცხელი ხაზი და ზუსტად ისე არ ხდება რეაგირება",- თქვა დეპუტატმა. 

გოგიჩაიშვილის თქმით, უნდა ვაღიაროთ შეცდომები, ვინაიდან ქვეყანა არ იყო ამ ყველაფრისთვის მობილიზებული და ხარვეზები ბუნებრივია.

"ჩვენ ხომ ვიცით, როგორ იმართება სახელმწიფო, სახელმწიფო არ იმართება ინსტიტუციებით, იმართება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე",- თქვა დეპუტატმა. 

ევროპული საქართველოსა და პარლამენტის სხვა დეპუტატების მსგავსად, გოგიჩაიშვილიც მიიჩნევს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში პრემიერმინისტრი გიორგი გახარია უნდა მივიდეს პარლამენტში და დეპუტატების შეკითხვებს პასუხი გასცეს. 

"არის ეს კრიზისები, მაგრამ მე ვერ ვხვდები, რატომ გაურბის პრემიერმინისტრი, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ მაგალითად, მოერიდოს ჩემს კითხვას, იმიტომ, რომ როგორღაც სახელმწიფო მანქანა ახერხებს, პოზიტიურად წარმოაჩინოს ეს ყველაფერი, მაგრამ პრემიერმინისტრი რატომ არ მოდის პარლამენტში? არ სცემს პარლამენტს პატივს? არ სჭირდება კითხვებზე პასუხის გაცემა იმიტომ, რომ ჩაატარებს ბრიფინგს და ამაზე ყველაფერს ისედაც უპასუხებს?", - თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

დეპუტატის შეფასებით, იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი თვის წინ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ შეზღუდვებს გაგებით ეკიდებოდნენ, დღეს კითხვები უჩნდებათ. 

"კითხვები ჩნდება - რა არის ის შედეგი, რაც ჩვენ უნდა მივიღოთ? რა გარანტია გვაქვს, რომ 22 მაისს დავამთავრებთ [საგანგებო მდგომარეობას]? ან თუ არ გვაქვს გარანტია, მაშინ წინასწარ უნდა მოვამზადოთ საზოგადოება, რომ ადამიანებმა დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გალაღებული იყოს სახლში და TikTok-ებით გაართოს ჩვენი მოქალაქეები", - ამბობს გოგიჩაიშვილი. 

21 აპრილს საგანგებო მდგომარეობის ერთთვიანი ვადა ამოიწურა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მთავრობის მოთხოვნით, მისი 22 მაისამდე გაგრძელების ბრძანება გამოსცა. პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანების დამტკიცებას საქართველოს პარლამენტი დღეს, 22 აპრილს გეგმავს, სამოქმედო გეგმას კი რამდენიმე დღეში წარადგენს. 

ამ დრომდე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში აკრძალული იყო 3 ადამიანზე მეტის შეკრება და ავტომობილებით გადაადგილება, მოქმედებდა ასევე ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავდა. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა. როგორც პრემიერმინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყება, თუმცა არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელ შეზღუდვებზეა საუბარი, გარდა ავტომობილებით გადაადგილებისა. 

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 411 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 98 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 კი - გარდაიცვალა. 

კომენტარები