კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: დადასტურებული 3 ახალი შემთხვევის წყარო ბოლნისის სასწრაფო და სვანეთია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 22 აპრილს, დადასტურებული კორონავირუსის 3 შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია.

"ამ სამი ადამიანის წყარო ცნობილია. ეს არის ბოლნისის სასწრაფოს წყაროებიდან და სვანეთის წყარო", - თქვა ეზუგბაიამ. 

ეზუგბაიას თქმით, საქართველოს კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 313 ადამიანი მკურნალობს. მათგან 45 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია.

"2 მძიმე ავადმყოფი, კრიტიკულთან მიახლოებული, უკვე 1 კვირის განმავლობაში სტაბილურია და დღეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც მძიმე პაციენტები", - თქვა ეზუგბაიამ. 

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გუშინ საავადმყოფოში შესული 2 ახალი პაციენტიდან ერთ-ერთს პნევმონია უდასტურდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში, ჯამში, 17 პაციენტის მდგომარეობაა მძიმე. 

"დანარჩენი პაციენტები არის საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის. მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - 24 საათის განმავლობაში ცვლილებები არ ყოფილა", - თქვა მან. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ტესტს 1 ადამიანს ჩაუტარებენ, როგორც შესაძლო შემთხვევას. გუშინ 1 ადამიანეზე ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია.  

14 აპრილს ბოლნისში კორონავირუსი სასწრაფოს 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. მათგან ერთი ექიმია, ორი - ექთანი, ორი - მძღოლი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 98 ადამიანი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით ქვეყანაში 4 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები