კორონავირუსი აშშ-ში

ტრამპმა განმარტა, რომ იმიგრაციაზე შეზღუდვა მხოლოდ მწვანე ბარათებს შეეხება

AP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განმარტა იმიგრაციის შეჩერების თაობაზე 21 აპრილის  განცხადება და თქვა, რომ ეს შეეხება მწვანე ბარათებს და 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტრამპის თქმით, შეზღუდვა დროებით სამუშაო ვიზაზე არ გავრცელდება, ვიზების გაცემის შეჩერება კი შესაძლოა გახანგრძლივდეს იმის მიხედვით, თუ როგორ მდგომარეობაში იქნება ქვეყნის ეკონომიკა.

"არასწორი და უსამართლო იქნება ამერიკელების მიმართ, რომლებმაც სამსახური კორონავირუსის გამო დაკარგეს, რომ ისინი ახალმა მიგრანტებმა ჩაანაცვლონ საზღვარგარეთიდან. ჩვენ გვსურს, დავიცვათ ამერიკელი მუშახელი,"- თქვა მან.

მწვანე ბარათები მფლობელებს აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლებას და ამერიკის მოქალაქეობის მიღების საშუალებას აძლევს. ყოველწლიურად მილიონამდე მწვანე ბარათი გაიცემა. სენატის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით მათ 70%-ს ის ადამიანები იღებენ, ვისი ნათესავებიც უკვე ცხოვრობენ აშშ-ში.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს ტრამპმა ტვიტერზე დაწერა:

"უხილავი მტრის თავდასხმის გამო, ასევე იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი შესანიშნავი ამერიკის მოქალაქეების სამუშაო ადგილები, ხელს მოვაწერ ბრძანებას, რომელიც დროებით აშშ-ში ყველა სახის იმიგრაციას შეაჩერებს."

გასულ თვეს კორონავირუსის გამო აშშ-მა თითქმის ყველა სახის სავიზო აპლიკაციის განხილვა შეაჩერა, მათ შორის იმიგრანტების. აშშ-მა უკვე მიაღწია შეთანხმებას კანადასა და მექსიკასთან მაისის შუა რიცხვებამდე საზღვარზე შეზღუდვების გახანგრძლივების თაობაზე. შეზღუდვა ეხებათ კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებსაც, თუმცა დროებითი სამუშაო, სასწავლო და ბიზნეს ვიზიტისათვის განკუთვნილი ვიზები გამონაკლისს წარმოადგენს.

პარალელურად კი ტრამპი შტატების გუბერნატორებს მოუწოდებს დაიწყონ კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების მოხსნა. აშშ-ის რამდენიმე შტატში შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები გაიმართა.

უკანასკნელი 4 კვირის განმავლობაში უმუშევრობაზე განცხადება 20 მილიონმა ამერიკელმა შეავსო.

ოფიციალური მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. სულ ვირუსი ამ დროისათვის 819,175 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 45,343, გამოჯანმრთელდა 82,973 ადამიანი.

კომენტარები