საგარეო საქმეთა სამინისტრო

რომი-თბილისის სპეცრეისით 21 აპრილს საქართველოში მძიმე პაციენტს ჩამოიყვანენ

flickr.com/photos/picturejohn64

რომი-თბილისის სპეცრეისით 21 აპრილს საქართველოში მძიმე პაციენტს ჩამოიყვანენ. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, ორსული ქალები, სტუდენტები, შშმ პირები, ონკოლოგიური პაციენტები, ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები. ამასთან, სპეცრეისით საქართველოში 11 მეზღვაური დაბრუნდება. 

"რეისს აგრეთვე მოჰყვება მძიმე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ქ. მატერადან (ბაზილიკატას რეგიონი), რომში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის აეროპორტში მას დახვდება სამედიცინო რეანომობილი, რათა მოხდეს პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში,"- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში დაბრუნებული ყველა მოქალაქე 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის. 

უწყების ცნობით, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში საქართველოში უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან და ა.შ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სახელმწიფოების უმრავლესობამ საზღვრები ჩაკეტა. ორმხრივი ფრენა აიკრძალა საქართველოშიც, რის შემდეგაც უცხოეთში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს სპეცრეისებით ეტაპობრივად აბრუნებენ. 

ამ დროისთვის საქართველოში სპეცრეისებით 6 934 მოქალაქე დაბრუნდა. 

კომენტარები