ბრმა ტყვია

პროკურატურა: ბრმა ტყვია, რომელსაც ქალი ემსხვერპლა, ნასვამმა პოლიციელმა აივნიდან გაისროლა

შსს

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ბრმა ტყვია, რომელსაც ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ნასვამმა პოლიციელმა აივნიდან გაისროლა. უწყების ცნობითვე, პოლიციელი დაკავებულია. 

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, გამოძიების საწყის ეტაპზევე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადმოეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს", - წერია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციითვე, ბრალდებულის ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 

შემთხვევა გუშინ, 19 აპრილს, საღამოს მოხდა. გასროლილი ბრმა ტყვია ქალს სახლში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები