რატიანი: როგორც ცნობილია, კორონავირუსი მყარ იმუნიტეტს ტოვებს

იმედი

ტელეკომპანია მთავარზე კორონავირუსის სიმპტომებზე და მასთან ბრძოლაზე საუბრისას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა თქვა, რომ არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი განკურნებულ პაციენტებს ხელახლა არ ემართებათ:

"როგორც ცნობილია, კორონავირუსი მყარ იმუნიტეტს ტოვებს. მაიმუნებში ჩაატარეს ეს ცდა და აღმოჩნდა, რომ არ ემართებათ, განმეორებით ინფიცირება არ ხდება." თქვა მან.

რაც შეეხება ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნიდან იმის შესახებ, რომ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ვირუსი ხელახლა დაუდასტურდათ მან თქვა:

"ალბათ განკურნებული ბოლომდე არ იყო. ჩვენ ორჯერადად ვუტარებთ ტესტირებას. ყველა პროტოკოლს მივყვებით. გაწერი წინ ვუკეთებთ კომპიურეტულ ტომოგრაფიას, ყველა ბიოქიმიურ კვლევას, რომ სრული გამოჯანმრთელებით გაეწეროს და ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ 14 დღე იყოს ისევ თვითიზოლაციაში." თქვა მან.

გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც პაციენტების ტესტი ნეგატიური იყო და მათ გაწერას აპირებდნენ, თუმცა ხელახალი ტესტირების შემდეგ ვირუსი კვლავ დადასტურდა. სამხრეთ კორეაში მსგავსი უკვე 91 შემთხვევა არის აღრიცხული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში (WHO) განაცხადეს, რომ ამ შემთხვევების გამოკვლევას დაიწყებენ.

ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, კორონავირუსით დაავადებული პაციენტის საავადმყოფოდან გაწერა მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც ორი ტესტი ზედიზედ, 24 საათის დაშორებით, აჩვენებს უარყოფით შედეგს.

კომენტარები