ეკლესია და კორონავირუსი

მეუფე იოანე: 21 აპრილს დიდ პანაშვიდს გადავიხდით, მგონი საფლავებზე გასვლაში ხელს არ შეგვიშლიან

რუსთავის ეპარქია

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს თქმით, 21 აპრილს ტაძარში დიდი პანაშვიდი ჩატარდება. ის იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვები სამშაბათს უკვე მოხსნილი იქნება. 

"რაღაც შეზღუდვა დააწესა ხელისუფლებამ ზრუნვის გამო, რომ ჩვენ რამე არ დაგვემართოს. ორშაბათს მკაცრი რეგულაციები დააწესა და თქვა, რომ 21-მდე იქნება. 21 სამშაბათია. ასე რომ სამშაბათს ჩვენ დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მოვიხსენიებთ ჩვენს წინაპრებს. მივულოცავთ მათ ქრისტეს აღდგომას და იმ დღეს, მე მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ," - თქვა მეუფე იოანემ.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ, 17 აპრილიდან, 10 დღის განმავლობაში ქალაქებში სასაფლაოებზე გასვლაზე შეზღუდვა დააწესა. 

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები, შეჩერებულია არაერთი ბიზნესის ფუნქციონირება, ჩაკეტილია ქალაქები, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამასთან, მოქმედებს კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და მისი დარღვევისთვის გამოწერილია დაახლოებით 10 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონს და ყველა დადგენილ წესს უგულებელყოფს და მას პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. მიუხედავად ექიმების განცხადებებისა, რომ საეკლესიო დღესასწაულებზე ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება და ჯანდაცვის სისტემა შექმნილ ვითარებას ვერ გაუმკლავდება, ეკლესია წირვა-ლოცვებს ჩვეულებრივ აგრძელებს და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებს.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მაინც მრევლთან ერთად ჩატარდა. ხალხი ერთი კოვზით ეზიარა. გამონაკლისი იყო რამდენიმე ტაძარი, სადაც ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდა. 

დისტანცია აზრსმოკლებულია, რადგან მრევლს კვლავ საერთო კოვზით აზიარებენ. მიუხედავად ამისა, მორწმუნეების ნაწილი ფორმალურ წესებსაც არ ემორჩილება.

საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს, ამიტომ მრევლი ეკლესიებში 21:00 საათამდე მივიდა და 06:00 საათამდე დარჩა. 

კომენტარები