კორონავირუსი და ეკლესია

მამა თამაზი: ვერ გაიგებ, რას გულისხმობს დეკანოზი გიგნაძე მრევლის შეზღუდვაში

დეკანოზი თამაზ ლომიძე ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განცხადებას გაუგებარს უწოდებს - გიგნაძემ თქვა, რომ სანამ ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს, ღვთისმსახურებაზე მრევლის დასწრება შეიზღუდება.

"გაუგებარია, რა უნდა. ამდენი ილაპარაკა, დაწერა და მაინც ვერ გაიგებ, რას გულისხმობს მრევლის შეზღუდვაში. უბრალოდ არ მჯერა, რომ რამეს მიხვდა, უბრალოდ თავს იზღვევს", - დაწერა თამაზ ლომიძემ ფეისბუქზე.

საქართველოში ახალი კორონავირუსი 385 ადამიანს დაუდასტურდა. მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. დაახლოებით 150 ათასი ადამიანი დაიღუპა.

ვირუსი წვეთოვანი გზით, სხვა აქამდე ცნობილ ვირუსებთან შედარებით ძალიან სწრაფად ვრცელდება.

Covid 19 პამდემიად არის გამოცხადებული. მსოფლიოში შეჩერებულია ფრენები, დახურულია სავაჭრო და სხვა ტიპის დაწესებულებები, ქვეყნების ხელისუფლებები მოქალაქეების სახლში დარჩენისა და სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდებენ. საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, აკრძალულია მანქანით გადაადგილება. თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საგანგებო რეჟიმს არ ემორჩილება, ღვთისმსახურებაზე მრევლის დასწრებას არ კრძალავს და ერთო კოვზით ზიარების წესსაც არ ცვლის. მათ წინააღმდეგობას არც მთავრობა უწევს. საპატრიარქოს და ხელისუფლების საერთო გადაწყვეტილებით, აღდგომას მრევლი ლიტურგიასაც დაესწრება.

მხოლოდ ერთეული ტაძრების წინამძღვრები გამოვიდნენ ინიციატივებით, უშუალოდ მათ ტაძრებში მრევლის დასწრების შეზღუდვის შესახებ, ან მოუწოდეს მრევლს, თავი შეიკავონ ღვთისმსახურებაზე დასწრებისგან, რათა გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

კომენტარები